4-5 ნოემბერს, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობო მოლაპარაკებები გაიმართა. მოლაპარაკებების ფარგლებში, გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი და გერმანიის მხრიდან ფინანსური და ტექნიკური დახმარების სამომავლო გეგმები განიხილეს. აღნიშნული სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერის სურვილი დაეხმაროს საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებაში, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნების კონსერვაციაში და სატყეო სექტორის მდგრადი მართვის განხორციელებაში.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, მომდევნო წლებში, მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერა მოხდება სატყეო სექტორში საქართველოს სამ რეგიონში კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში.
5 ნოემბერს, მოლაპარაკებების ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020) „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“. როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველო მიიღებს უპრეცედენტოდ დიდ ფინანსურ მხარდაჭერას, 40 მლნ ევროს, რეგიონულ კონტექსტში ბუნების კონსერვაციის, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების შემდგომი განვითარების მიზნით. ახალი საგრანტო პროექტის „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, მიზნად ისახავს საქართველოში დაცული ტერიტორიების და სატყეო სექტორის განვითარებას. 6-წლიანი საგრანტო პროგრამა, უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების სისტემის და ასევე, სატყეო სექტორის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებას აჭარის რეგიონისთვის. პროექტის მიზანია ერთი მხრივ, საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებიის და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა. უნდა აღინიშნოს, რომ 2020-21 წლებში, გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის უკვე გამოყოფილია 34 მლნ ევროს ოდენობის საგრანტო დახმარება, რასაც დაემატება 43 მლნ ევროს ოდენობის გრანტი. შესაბამისად, გერმანიის უპრეცედენტო მხარდაჭერით, 2020-2030 წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმევა საქართველოში უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველო გერმანიის მხრიდან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს
05/11/2021