სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მნიშვნელოვანი ინსტიტუციების ურთიერთობა და ორი წლის მანძილზე არსებული გაუცხოებით ვერც ერთმა მხარემ ვერაფერი მოიგო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ახალ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან უფრო ეფექტური ურთიერთობა იქნება.
“მე ბატონ ირაკლის არ განვიხილავ და არ ვიცი რა იყო მიზეზი. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს ეფექტურ ფუნქციონირებას ნამდვილად სჭირდება უნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინსტიტუტების, პრეზიდენტის, პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა. ეს უბრალოდ ეფექტურობას შეუწყობს ხელს და პოლიტიკურადაც მომგებიანია. არ მგონია, რომ ორწლიან სიცივეში თუ გაუცხოებაში ყოფნით რამენაირად მოიგო რომელიმე მხარემ. თუ შევხედავთ, რომ ამ პროცესმა არანაირი პოზიტივი არ მოუტანა არც პროცესს და არც პოლიტიკურ აქტორებს, ლოგიკურად მგონია, რომ ეს ასე აღარ იქნება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.