ორივე საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია და მათი განხილვა ასე ადვილი არაა

19/07/2016

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების დანიშვნის საკითხები „ამ მოწვევის პარლამენტმა განსახილველად ახალ უმრავლესობას უნდა დაუტოვოს“. როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ორივე საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია და მათი განხილვა „ასე ადვილი არაა“.

„მე ვფიქრობ, რომ როგორც სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკითხზე, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ახალმა უმრავლესობამ უნდა იმსჯელოს. ეს არ არის თემები, რომლებიც ასე ადვილად განსახილველია. პირველი – ვისაუბროთ სასამართლოს თემაზე: რატომღაც გამოითქვა აზრი, რომ მხოლოდ სარედაქციო შენიშვნები დარჩა გასათვალისწინებელი და რომ უმრავლესობა ცდილობს, გააჭიანუროს ამ საკითხის განხილვა. ეს არა მარტო უსაფუძვლო ბრალდებაა, არამედ უპატივცემულო დამოკიდებულებაც -ზოგიერთებმა თითქოს პარლამენტი საკრიტიკო ობიექტად აქციეს და რაც ყველაზე გასაკვირია, პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენლები იმეორებ ამას, როცა ამბობენ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე, რომელსაც რატომღაც არ აკეთებს უმრავლესობა. იგივე მოსაზრებები ისმის მოსამართლეობის კანდიდატების საკითხთან დაკავშირებითაც, თითქოს ძალიან ადვილია მისი გადაწყვეტაც. რატომღაც საზოგადოების თვალში უნდათ წარმოაჩინონ, რომ პარლამენტი არის არაკონსტიტუციური სტრუქტურა. ჯერ ერთი, არაობიექტურია ასეთი შეფასება და მეორეც, დამაზიანებელია თავად საზოგადოების ინტერესებისთვის.
რეალურად რაშია საქმე? – საქმე იმაშია, რომ გადასაწყვეტად დარჩენილი არ არის მხოლოდ სარედაქციო შესწორებების საკითხები და არის თემები, რომლებიც მეორე მოსმენისთვისაა გაკუთვნილი. მაგალითად, ეს ეხება სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევის წესს, რომელზეც არ არის საერთო პოზიცია და შეთანხმება. გარდა ამისა, არსებობს გარკვეული წინადადებები, შენიშვნები სასამართლოსთან დაკავშირებით – ზოგი მისაღები, ზოგი მიუღებელი.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს, პრეზიდენტმა რატომღაც პარლამენტთან ურთიერთობის ისეთი ფორმა აირჩია, როდესაც მშრალად მიყვება საკონსტიტუციო ნორმებს. მას, რასაკვირველია,კონსტიტუციით აქვს უფლება, წარმოადგინოს კანდიდატები, თუმცა ასეთივე კონსტიტუციური უფლება აქვს პარლამენტს, მიიღოს ან დაიწუნოს მის მიერ წარმოდგენილი კანდიდატურები. ერთხელ დაიწუნა ხომ წარმოდგენილი კანდიდატურები? – არ არის საჭირო მათი მეორედ წარმოდგენა. იქნებ მოიკითხოს, რა იყო ამის მიზეზი? -ალბათ უნდა მოეკითხა, საზოგადოებისთვის ასე სჯობდა. კონსტიტუცია ყველას უფლებამოსილებას განსაზღვრავს, მაგრამ სახელისუფლებო მაღალი რგოლების ხელმძღვანელები ბევრ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთთან კონსულტაციებს რომ გადიოდნენ, უმჯობესი იქნებოდა. საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე არ იყოს აზრთა და პოზიციათა დაპირისპირება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ კონტეექსტში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა ისიც, რომ უმჯობესი იყო, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობასა და ცალკეულ ფრაქციასთან კონსულტაციები გაევლო.

„რასაკვირველია, ჯობდა, რომ პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობასთან, ფრაქციებთან გაევლო ეს საკითხი, ვინც ხმა უნდა მისცეს მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს. არ იქნება სწორი და საქმიანი მიდგომა, რომ ის პარლამენტი, რომელიც ამთავრებს საქმიანობას და პრაქტიკულად, არდადეგების რეჟიმშია გადასული, ამ საკითხების განსახილველად რიგგარეშე სხდომაზე ახლა შეიკრიბოს იმისთვის, რომ ისევ ვერ შეთანხმდეს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა დავუტოვოთ ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი გადასაწყვეტად იმ პარლამენტს, რომელსაც ხალხის ნდობის ახალი მანდატი ექნება. უფრო მეტიც, არც ახალმა პარლამენტმა უნდა იჩქაროს აღნიშნულ თემებზე გადაწყვეტილების მიღება და იგივე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი მეორე მოსმენაზეც უნდა დააბრუნოს, თუ საჭირო იქნება, ისევე როგორც განიხილოს ის შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც ბევრი დაგროვდა. ასე რომ, გადაწყვიტოს იმან, ვისაც ხალხი აირჩევს და არა იმ პარლამენტმა, რომელიც უკვე მიდის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0