საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გია ჭანტურიას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ იტალიის ქუჩის მიმართულებით.
რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება 10 დეკემბრის 23:00 საათიდან მომავალი წლის 10 იანვრის 23:00 საათამდე მშრალი ხიდის, იტალიის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე – ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე.
ერთი თვის განმავლობაში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ.
ზვიად გამსახურდიას სანაპიროდან სოლიკო ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ათონელის ქუჩამდე იმოძრავებენ, ხოლო შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით შეძლებენ.
ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება
08/12/2023