ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ და ნაწილი ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა

03/06/2020

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წარმოადგინა.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პარლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობისა და საპარლამენტო ანგარიშვალდებულების მექანიზმით ჩართულია ამ პროცესში, რასაც მინისტრთა კომიტეტი მიესალმა. ის სამუშაო ატმოსფერო და კულტურა, რაც ჩამოყალიბდა ამ თვალსაზრისით, არის ძალიან პოზიტიური. ჩვენ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პასუხისმგებლობით გავაგრძლოთ ეს პროცესი. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩვენს მთავარ გამოწვევას და მიზანს წარმოადგენდა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების შემცირება და ეფექტური ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე სტატისტიკურ მაჩვენებელზე, რომელიც მისი თქმით, არა ინტერპრეტაციას დაქვემდებარებული სტატისტიკა, არამედ ფაქტებია. მისივე განცხადებით, ფაქტს წარმოადგენს საქართველოს მიმართ წარდგენილი საჩივრების კლების ტენდენციაც.

„თუ 2004-2012 წლებში სულ 5416 საჩივარი შევიდა საქართველოს წინააღმდეგ, 2013 წლიდან დღემდე შესულია 714, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საჩივრების ჯამური რაოდენობა 8-ჯერაა შემცირებული. ქართული საქმეების ხვედრითი წილი მთლიანად საქმეებში, რომელიც შედის ევროპული სასამართლოს წინაშე, განახევრდა“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

მისი ინფორმაციით, მინისტრთა კომიტეტმა რეზოლუციები მიიღო და აღსრულებულად გამოაცხადა 6 საქმე. ასევე აღსრულდა კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი 2 განჩინება, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში აღსრულებულია 8 საქმე. მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ეს კვლავ 2012 წლამდე მომხდარი ფაქტების გამოსაძიებელი საქმეები და დისკრიმინაციის საქმეთა ჯგუფია.

„როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ამ საქმეებზე არ იყო ეფექტური გამოძიება ჩატარებული და არც კონკრეტული შედეგები იყო დამდგარი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებს უწევთ რთული სამუშაოების შესრულება მრავალი წლის წინ მომხდარ საქმეებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, როგორც სტრასბურგის, ასევე გაეროს შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო საკანონმდებლო დონეზე, პირდაპირი ტრანსლაციით დაუფარავად და ღიად მოსმენა, როგორ ასრულებს ქვეყანა იმ ვალდებულებებს, რომელიც არის ორივე მიმართულებით“, – აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, ეს ყველა ქვეყანაში არ ხდება და პირიქით, ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც ამაზე ღიად საუბრობს და რომელსაც სტრასბურგის და გაეროს გადაწყვეტილებები გამოაქვს საერთო სახალხო განხილვისთვის პარლამენტის საშუალებით.

„იმ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ დემოკრატიის კოლაფსზე საქართველოში, მინდა ვუთხრა, რომ მიკერძოებული ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, არსებობს ობიექტური სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. არსებობს სტრასბურგის მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული; არსებობს ობიექტური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, ჩვენი საზოგადოების წევრები 4-5-ჯერ ნაკლებად მიმართავენ სასამართლოს საკუთარი უფლების აღდგენის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის ფაქტი და ციფრები, რომელსაც ძალიან კარგად გრძნობს, პირველ რიგში, თავად ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა სოფო კილაძემ. მან ოპოზციის ნაწილზე ისაუბრა, რომელიც პირდაპირ და ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა.

„ერთხელ მაინც, რომელიმე მათგანს რომ გამოეხატა სინანული იმ საშინელებისთვის, რაც ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავზე დაატრიალეს, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება იმდენად სულგრძელია, რაღაც მომენტში აპატიებდა მათ ამას. მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან იაშვიათად, მაგრამ მაინც გვესმის საუბარი შეცდომებზე და გადაცდომებზე. მოდით, იმ ოჯახებს და იმ ოჯახის წევრებს ვკითხოთ, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას, ან გაუპატიურებას – გადაცდომას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლის, ადა მარშანიას განცხადებით, სწორედ ასეთი მოხსენების წარმოსადგენად იბრძოდა 2012 წლამდე მაშინდელი ოპოზიცია.

„53 საქმე დევს დღეს პროკურატურაში და ეს დღეს არა მარტო პროკურატურის თავის ტკივილი უნდა იყოს“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ამავე ფრაქციის წარმომადგენლის, ნატო ჩხეიძის განცხადებით, სინანული უფრო ემოციური მხარეა, სახელმწიფომ კი ის, რაც სინანულად შეიძლება ჰქონდეს ყოფილ ხელისუფლებას, სამართლებრივად უნდა გადაწყვიტოს. უმრავლესობის წევრის, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, 2011 წელს დავოსის ფორუმზე გამოქვეყნდა კონკურენტუნარიანობის ყოველწლიური მოხსენება, სადაც კერძო საკუთრების დაცვის უფლების თვალსაზრისით, საქართველო 140 ქვეყნიდან 134-ე ადგილზე იყო.

„არსებობს გაეროს მოწყვლადობის მოხსენება საქართველოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ოჯახების 54%-ში ერთი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი მაინც იყო და მათგან 90%-მდე ვერ მიდიოდა ექიმთან იმიტომ, რომ გადახდის საშუალება არ ჰქონდა და ეს ადამიანები უბრალოდ იღუპებოდნენ“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ალტერნატიული ანგარიშები წარმოადგინეს. მათ იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც თითოეულ საქმესა და მის აღსრულებასთან დაკავშირებით არსებობს. დეპუტატებმა მოუსმინეს სახალხო დამცველის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსს თამარ აბაზაძეს.

„მივესალმებით დღევანდელ პროცესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა წარმოვადგინოთ ალტერნატიული ანგარიშები“, – განაცხადა თამარ აბაზაძემ. მის მოხსენებაში შეფასდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის დაკისრებული ღონისძიებების გატარების მდგომარეობა, თუ რა ზომები მიიღო ხელისუფლებამ და რა ზომებია მომავალში გასატარებელი.

დღესვე კომიტეტმა განიხილა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი თანდართულ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად. იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ჰააგის 1980 და 1996 წლების კონვენციებთან ჰარმონიზაციის უფრო მაღალი ხარისხი. შედეგად, მოხდება ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.

კომიტეტმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით განიხილა საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშები. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, გამჭვირვალობა და ღიაობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლითაც ხელმძღვანელობს პარლამენტი, სასამართლოები და ადგილობრივი თვითმმართველობები.

„ჩვენ გავაანალიზეთ საჯარო სტრუქტურების მონაცემები. ანგარიშვალდებული ორგანოების უმრავლესობამ შეასრულა ვალდებულება წარმოადგინოს ანგარიში პარლამენტში, თუმცა სამწუხაროდ, არიან საჯარო სკოლები და რამდენიმე მუნიციპალიტეტი, რომელთაც არ წარმოუდგენიათ ანგარიშები, რაც არ არის დადებითად შესაფასებელი მოვლენა. იმედი მაქვს, მომდევნო წელს ეს უწყებებიც წარმოადგენენ შესაბამის მასალას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

დღესვე კომიტეტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში მოისმინა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მოხსენების შემდეგ მან დეპუტატების კითხვებს უპასუხა. დეპუტატმა ადა მარშანიამ აფხაზეთის ტელევიზიის საკითხი დასვა. მისი თქმით, აღნიშნულ თემას მეტი გადაცემა და საუბრები უნდა ეძღვნებოდეს. კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განრატებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, რადგან საქმე ეხება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას და ასევე, არის მაღალი ინტერესი, მოქალაქეებს მიეწოდოთ დაბალანსებული ინფორმაცია ყოველგვარი მიკერძოების გარეშე.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი 2018-2019 წლებში გაუმჯობესებულია და ვფიქრობ, ეს დადებითად უნდა შეფასდეს“, – აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი თქმით, ეროვნული ღირებულებები, ფასეულობები და ეროვნული სული, პირველ რიგში, უნდა მოდიოდეს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინასებული ისეთი ორგანიზაციიდან, როგორიც საზოგადოებრივი მაუწყებელია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0