ოპოზიციის ნაწილის მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე პლენარული სესია, კანონპროექტების მოუმზადებლობის გამო, არ გაიხსნება. ამის შესახებ განცხადებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, 4 კანონპროექტის განხილვის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის წევრების ნაწილმა პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის წერილით მიმართა.
„ამ წერილზე პასუხად პრეზიდენტმა 15 ივლისის განკარგულებით დანიშნა სესია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტებს ჯერ არ აქვთ გავლილი საკომიტეტო მოსმენები და წარმოდგენილი არ არის წამყვანი კომიტეტების დასკვნები, ისინი პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში ვერ მოხვდება. შესაბამისად, პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხები ამ კუთხით არ არის წარმოდგენილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი გააცნო, სადაც ნათქვამია, რომ ფრაქციის 81 წევრი დეპუტატი რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
„მინდა, ხაზი გავუსვა ორ გარემოებას. პირველი ეს არის სამართლებრივი გარემოება, წარმოდგენილი 4 საკითხიდან 3 – პირველი მოსმენითაც არ არის განხილული, ხოლო ერთი საკითხი ეს არის საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც შარშან პირველი მოსმენით დავამტკიცეთ, თუმცა მერე მოსმენით არ არის განხილული,“- განაცხადა გივი მიქანაძემ. მისი თქმით, წარმოდგენილი 4 საკითხიდან ნაწილი არ შეესაბამება იმ 12-პუნქტიან გეგმას, რომელთან მიმართებაშიც ხდება „შეფუთვა„ იმისა, რომ ეს რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს.
„საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ჩვენმა ფრაქციამ ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ ჩვენ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას არ ვაპირებთ, შესაბამისად, ეს საკითხი ვერ იქნება განხილული. იმ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული სასამართლოსთან, ანტიკორუფციულ მიმართულებასთან და რაც არის 12-პუნქტიან გეგმაში შესული, მუშაობა დაწყებულია სამუშაო ჯგუფების ფორმატში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. მისი ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა ვადებით, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ვადაში უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება, შემდეგ კი მათი დაინიცირება, საკომიტეტო მოსმენების გამართვა და პარლამენტის სხდომაზე განხილვა. „მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ გადაწია ამ 12-პუნქტიანი გეგმის შეფასების ვადა გარკვეული პერიოდით, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ვადის გაწელვას და ვაპირებთ, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ წარმოადგინა, განვახორციელოთ ქმედებები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის დანიშნულებაა, პარლამენტმა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე რაც შეიძლება სწრაფად შეძლოს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება.
„ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ეს პროცესი გავიაროთ ისე, რომ მივიღოთ შედეგი. შედეგს ჩვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც ვგულისხმობ და ამ გადაწყვეტილებების სათანადოდ შეფასებაშიც. საკონსტიტუციო ცვლილებების თემა იმიტომაა წამოწეული წინა პლანზე, რომ ის სრულად შეესაბამება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მუშაობაში ჩაერთვნენ, რომელიც მიმდინარეობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მონაწილეობით და არიან ჯგუფები, რომლებიც ამ პროცესში არ ჩაერთვნენ, თუმცა დღეს ამბობენ, რომ არიან კონსტრუქციულები.
„დღეს 12 პუნქტთან დაკავშირებული არცერთი საკითხი არ არის მზად, რომ პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგში შევიდეს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, არ შეიძლება პლენარული სხდომა სიმულაცია და იმიტაცია იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, რომელიც სურვილს გამოთქვამს პროცესში ჩართვასა და რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობაზე, კომიტეტის სხდომებსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში არ მონაწილეობს.
„პოპულიზმი, რომელიც ევროპაშიც დამაზიანებელია, საქართველოშიც დამაზიანებელია. ევროპაშიც სირცხვილია პოპულიზმი, საქართველოშიც სირცხვილია, მოდით, შევწყვიტოთ პოპულიზმი და რეალურად გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც გვევალება და შევასრულოთ რეკომენდაციები და პირობები, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან და ეს გავაკეთოთ მშვიდად“, – მიმართა არჩილ თალაკვაძემ, დავით უსუფაშვილს.
შალვა პაპუაშვილის შეჯამებით, კაზუსი მდგომარეობს იმაში, რომ დანიშნულია რიგგარეშე სესია, რომლის გახსნასაც სჭირდება პლენარული სხდომა, ხოლო პლენარულ სხდომას სჭირდება დღის წესრიგი, ხოლო ის საკითხები, რომელიც დაყენებულია ოპოზიციის მიერ, ვერ მოხვდება დღის წესრიგში.
„თქვენ პრეზიდენტიც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეთ ამ მხრივ, ვინაიდან სხდომა დანიშნულია, მაგრამ ვერ შედგება დღის წესრიგის უქონლობის გამო“, – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს შალვა პაპუაშვილმა.