ოპოზიციას მოვუწოდებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით უმრავლესობასთან კონსულტაცია გამართოს

02/10/2023

„კენჭსაყრელ საკითხებში კვლავ გვრჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ოთხი კანდიდატურიდან ორის არჩევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ საკითხზე უმრავლესობასთან კონსულტაცია გამართოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე სამი წევრი უკვე აირჩია, რაც ევროკომისიის მხრიდან დადებითად შეფასდა.

„ევროპულმა კომისიამ მოგვიწოდა დარჩენილი ორი ვაკანსიაც შევავსოთ. ოთხი კანდიდატურა უკვე ნახევარი წელია რაც არის ჩვენს დღის წესრიგში. არცერთ ამ კანდიდატურაზე რაიმე ნეგატიური, ობიექტურად დასაბუთებული ან თუნდაც დაუსაბუთებელი მოსაზრება არ მომისმენია. ამიტომ გთხოვთ, რომ ამ მხრივ თქვენი წვლილი შეიტანოთ რეკომენდაციების შესრულებაში“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას.

დარჩენილ ორ ვაკანსიაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილი არიან: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0