ონკოლოგიური დიაგნოზის მქონდე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“ , ისარელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრსა“ და თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა;
„პროგრამა შესაძლებლობას მოგვცემს, გავძლიერდეთ ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში და გადავარჩინოთ, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე“, – ზურაბ აზარაშვილი.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაცია გამართა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს; პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებმაც და ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, მათ დაწესებულებებში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
„ჩვენი ბენეფიციარი, თურქეთის კლინიკაში უკვე სერვისის მისაღებად ემზადება და დარწმუნებულები ვართ, რომ გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდება“, – ეკატერინე ფესტვენიძე;
„18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის“ პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას ონკოლოგიური დიაგნოზის მქონდე ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე იყოფებოდა პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარი, ანა ბლიაძე, რომელმაც პროტონოთერაპიის კურსი ესპანეთში ჩაიტარა;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე;
საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.