თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად კახეთის გზატკეცილზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, აეროპორტისკენ მიმავალი გზის ქვეშ, 6 მეტრის სიღრმეზე მიმდინარეობს 2000 მმ-იანი გარცმის მილის გატარება, რომელშიც მოეწყობა 1600 მმ-იანი კანალიზაციის მილი. აღნიშნული მილი ოლიმპიურ სოფელს თბილისის ცენტრალურ კოლექტორთან დააკავშირებს.
დავით ნარმანიას თქმით, სამგორის რაიონში, ფაქტობრივად, ახალი საკანალიზაციო სისტემა იქმნება.
„ეს არის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მიწისქვეშა კომუნიკაციებმა გზის ნიშნულიდან 6 მეტრის სიღრმეზე ისე გაიაროს, რომ გზა საერთოდ არ დაზიანდეს. ეს იქნება მაგისტრალური სადენი, სადაც გაივლის საკანალიზაციო წყლები. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით, თბილისის ერთ-ერთი დიდ უბანი ოლიმპიურ დასახლების სახით, ასევე ვაზისუბანი ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემას დაუკავშირდება“ – განაცხადა თბილისის მერმა.
პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე საკანალიზაციო ქსელები მოეწყო ოლიმპიური სოფლიდან აეროპორტის ტრასამდე და კახეთის გზატკეცილიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გამავალ ცენტრალურ კოლექტორამდე. ოლიმპიური სოფლიდან ქინძმარაულის ქუჩის ბოლომდე მოწყობილი საკანალიზაციო ქსელის მთლიანი სიგრძე 5 კილომეტრს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს „award” აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის ბოლო ეტაპზე 444 500 ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.