ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, 19 აპრილიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.
„ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელი მოქალაქეებისთვის დაწესებული საკარანტინე ვადა ეტაპობრივად, თავდაპირველი 14 დღიდან 8 დღემდე, ხოლო 2021 წლის 11 თებერვალს – 5 დღემდე შემცირდა”, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა.
“უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს. როგორც თქვენთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც ქვეყანა უახლოეს მომავალში ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, რაც ვაქცინაციის პროცესის უწყვეტად წარმართვას უზრუნველყოფს. საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების კუთხით არსებულ ტენდენციაზე და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა საჭირო არ გახდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.