იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამაზე „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ იმსჯელეს. ოთხმა კომიტეტმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ რატი ბრეგაძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს მოუსმინა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენი სტრატეგიული გეგმა გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას და ამ ხედვის მთავარი საყრდენია ღირსეული, თანამედროვე და მოტივირებული პოლიციელი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი განცხადებით, სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო გარემოს შექმნა და ქვეყანაში კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლა. როგორც მან აღნიშნა, დანაშაულის გახსნის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება და 2023 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა უპრეცედენტო ნიშნულს – 64,87 %-ს მიაღწია. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შსს-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ამ მიმართულებით სხვადასხვა რეფორმა მუდმივად ხორციელდება. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც სამინისტრო აპირებს. მისი თქმით, სამართლებრივი უსაფრთხოების ნაწილში გაგრძელდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და დაინერგება ხელოვნური ინტელექტი, ასევე, გაგრძელდება საკანონმდებლო აქტების მოდიფიკაციის პროცესი. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვაში კიდევ უფრო გაძლიერდება ნოტარიუსების როლი, აგრეთვე, დასრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი და დაინერგება სარეგისტრაციო დოკუმენტის წინასწარი ანალიზისა და სამართლებრივი დასკვნის მომზადების ახალი სერვისი.
„სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ევროკავშირის სამართალთან ქართული სამართლის ჰარმონიზაცია და ამ მიმართულებით უკვე დაინერგა სამართლის ჰარმონიზაციის ერთიანი სახელმწიფო პლატფორმა, რაც ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას და ამაღლდება ქართული სამართლის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ხარისხი და ტემპი“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, გაიზრდება იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი და პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რუსეთის ოკუპაციის და ჰიბრიდული საფრთხეების მიუხედავად, საქართველო წარმატებით ახერხებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლას და ამის მკაფიო დადასტურებაა გასულ წელს მონიჭებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია პარტნიორებთან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაგრძელდება თანამშრომლობა ნატო-სთან, ევროკავშირთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი ნატო-სთან თანამშრომლობის უმთავრესი მექანიზმია, რომელიც 17 ინიციატივას მოიცავს და დღეს უკვე 3 ინიციატივა წარმატებით არის დასრულებული.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 2024 წელს საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს.
„ჩემთვის და თავდაცვის ძალების თითოეული წარმომადგენლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკასთან სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა. გასულ წელს, სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი ჩატარდა აზერბაიჯანში, ხოლო წელს ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველო. ჩვენ მეზობლებთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცება, გაძლიერება და ამ კუთხით, აღსანიშნავია მმართველი გუნდის მიერ დამტკიცებული „თავდაცვის კოდექსი“. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამინისტროსთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა. როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, პრიორიტეტი და უცვლელი ამოცანაა, თანამიმდევრული პოლიტიკის გატარებით, ახალი მიდგომების დანერგვითა და ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენებით ხელშესახები შედეგების მიღწევა. თეა ახვლედიანის განმარტებით, უწყების ხედვა ემყარება ერთი მხრივ, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, მეორე მხრივ კი, დემოკრატიული, თანასწორი, კულტურულად მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების მშენებლობის პრინციპებს. მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილ შესაძლებლობებში ჩართვის ინტერესს და სურვილს გამოთქვამს, რაც საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე უმთავრესი შედეგია და აღნიშნული დინამიკის შემდგომი ხელშეწყობა უწყების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნდობის აღდგენის ინიციატივებისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას. მისივე თქმით, გაგრძელდება გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში.
„ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების გამარტივებული, სტატუს-ნეიტრალური გზით გამოყენების შესაძლებლობების თაობაზე ინფორმაციის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ შეთავაზებას მოემსახურება ერთიანი საინფორმაციო პორტალი, რომელიც ახლო მომავალში ამოქმედდება და მომხმარებელზე მორგებულ, მარტივ და ქმედით გზამკვლევად იქცევა ყველა დაინტერესებული პირისთვის, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება აფხაზურ და ოსურ ენებზე”, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.