ოთარ შამუგია იაპონიის სახელმწიფოს ელჩს და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს შეხვდა

30/09/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იაპონიის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში იმამურა აკირას და UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს საქართველოში ანნა ჩერნიშოვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები განიხილეს.
ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) სატყეო სექტორის რეფორმირების პროცესში ფინანსური მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

„კლიმატის ცვლილების შერბილება ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, უდიდესი გამოწვევაა. შესაბამისად, აუცილებელია ყველა სექტორში არსებობდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისა და შერბილებისკენ მიმართული ღონისძიებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. ამ ღონისძიებების ნაწილია ტყის მდგრადი მართვის სისტემის დანერგვა. აღებული ვალდებულებების აღსრულებაში, უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა. მასშტაბური სატყეო რეფორმის ფარგლებში, ახალი პროექტი დაგვეხმარება, მცხეთის მუნიციპალიტეტში შევძლოთ მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩამოყალიბება და ტყეების მართვა მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

„ბოლო 50 წლის განმავლობაში, იაპონიის ტყის რესურსები სამჯერ გაიზარდა და ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის ორ მესამედზე გავრცელდა. ტყეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ეროვნული გეგმის განხორციელებაში, რომლის მიხედვით, 2050 წლისთვის იაპონიამ ნახშირბად ნეიტრალურობას უნდა მიაღწიოს. მოხარულები ვართ ეს გამოცდილება და შესაბამისი პრაქტიკა საქართველოს გავუზიაროთ და ხელი შევუწყოთ ტყის ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მიღებას“, – აღნიშნა იმამურა აკირამ, იაპონიის სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში.

„ჩვენი პროექტის შედეგად, რომელსაც იაპონიის მთავრობასთან და ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად ვახორციელებთ, 43,000 ადამიანი მიიღებს მდგრადი გზით დამზადებულ ხე-ტყეს ყოველდღიური მოხმარებისთვის. ტყის მდგრადი მართვის მოდელი მცხეთის მუნიციპალიტეტში დაინერგება, ხოლო მომავალში, საქართველოს ყველა რეგიონზე გავრცელდება“, – განაცხადა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, ანნა ჩერნიშოვამ.

მიმდინარე კვირას, UNDP-სა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მოწვევით, საქართველოში ჩამოსულმა იაპონელმა ექსპერტებმა, ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობების შესწავლის მიზნით, საქმიანი ეზო ბოდორნაში, ასევე, სატყეო უბნები მცხეთის მუნიციპალიტეტში მოინახულეს, შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს და შეხვედრის ფარგლებში წარმოადგინეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იაპონიის მთავრობისგან მიღებული 920,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება, UNDP-ის ხელშეწყობით საქმიანი ეზოების შექმნასა და გამართვას მოხმარდება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმა ტყის მდგრადი მართვის დანერგვას, სათბური აირების ემისიების შემცირებასა და გარემოსადმი მეგობრული ცხოვრების წესის დანერგვას ემსახურება. სატყეო რეფორმა სრულ თანხვედრაშია საქართველოს ეროვნულ მიზნებსა და საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მის შედეგებთან ადაპტაციას უკავშირდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და იური ნოზაძე, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები და დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0