ოთარ შამუგია გორში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა

06/09/2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით გაშენებული ვაშლის ბაღი დაათვალიერა, ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათგან მოსავლის აღებისა და დაბინავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„ჩვენ, ერთი მხრივ, ვეხმარებით ფერმერებს ინტენსიური ბაღების მოწყობაში და ბოლო წლების განმავლობაში პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2000 ჰა-ზე მეტი ინტენსიური და სუპერინტენსიური ბაღია მოწყობილი, საიდანაც ველოდებით როგორც რაოდენობრივად კარგ, ისე მაღალი ხარისხის მოსავალს. გარდა ამისა, სამაცივრე მეურნეობების მოწყობაშიც აქვთ ჩვენი მხარდაჭერა, მხოლოდ შიდა ქართლში ათეულობით სამაცივრე მეურნეობაა მოწყობილი. ეს მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის, რათა ჰქონდეთ სტანდარტების შესაბამისად მოსავლის შენახვის და შემდგომ უკვე ეტაპობრივად რეალიზაციის პირობები“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ასევე დაათვალიერა ვაშლის მოსავლის ამღები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკა, რომელიც ფერმერმა სახელმწიფო თანადაფინანსებით შეიძინა. შპს „იბერია გრუპი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 10 ჰა-ზე ფლობს ვაშლის ბაღს, მათ შორის, პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, 2021 წელს, 5 ჰა-ზე გააშენა ვაშლი და მოაწყო ჭაბურღილი, რისთვისაც სოფლის განვითარების სააგენტოდან მიიღო თანადაფინანსება 50,000 ლარი. 10 ჰა-ზე გაშენებულ ვაშლის ბაღში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობისათვის კომპანიამ 2023 წელს ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით და პროგრამით „დანერგე მომავალი“, საიდანაც მიიღო თანადაფინანსება 64,000 ლარი. კომპანია მიღებული მოსავლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს. ფერმერმა ირაკლი ედილაშვილმა აღნიშნა, რომ ბაღის დაზღვევა თითეული ფერმერისთვის აუცილებელია, მითუმეტეს როდესაც ეს პროცესი ფინანსურად გაცილებით გამარტივებულია და დაზღვევის დაახლოებით 70%-ს სახელმწიფო აფინანსებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0