ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

18/11/2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის სატყეო სექტორის რეფორმირების პროცესში ავსტრიის მთავრობის განსაკუთრებული წვლილის მნიშვნელობის საკითხი.

„სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სატყეო სექტორის რეფორმირებაა; შესაბამისად, უწყების მიზანს სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს. მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენ ახლახან დავასრულეთ ტყის ეროვნული აღრიცხვის პროცესი. ვფიქრობ, სატყეო სექტორის რეფორმის ეფექტიანი განხორციელებით, შევძლებთ ევროკავშირთან მნიშვნელოვან დაახლოებას“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

თომას მიულმანმა ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოსთან, როგორც საიმედო პარტნიორ ქვეყანასთან სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0