გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც ავსტრია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით ახორციელებს.
„ავსტრია ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და პარტნიორია. 30 წლის განმავლობაში, ავსტრიის და სხვა არაერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერის შედეგად, საქართველოსთვის რეალური გახდა ევროპულ დიდ ოჯახში ინტეგრაცია. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამ პროცესის დაჩქარებისთვის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ქართული პროდუქციისთვის ევროპის ბაზარი სრულად ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, შესაბამისად, ვერ გაუწევს კონკურენციას დიდ ქვეყნებს წარმოებული საექსპორტო პროდუქციის მოცულობით, თუმცა, გვაქვს პოტენციალი, საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ნიშა დავიკავოთ როგორც მაღალი ხარისხის ბიოპროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ, რისთვისაც, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს, რეგიონში არსებული მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, საქართველოსთვის პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა როგორც სასურსათო პროდუქციით თვითუზრუნველყოფის გაზრდის და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით რეფორმების ხელშეწყობის კუთხით, კიდევ უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია.
ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში თომას მიულმანმა საქართველოსა და ავსტრიას შორის 30-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფება ნათელია. ავსტრია გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს მიზნის მიღწევაში დაეხმარება.
„წლების განმავლობაში, საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს. ავსტრიის განვითარების სააგენტომ, სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა სურსათის უვნებლობის, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სოფლის განვითარების, ტყის სექტორის რეფორმირების და სხვა არაერთი მიმართულებით. ევროპული მიმართულებით საქართველოს ამბიციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს დავუჭერთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის, მთის ტურიზმის განვითარებას, ასევე გარემოს დაცვის და ეკოტურისტულ მიმართულებებს. ამასთან, ავსტრიის შესაბამისი უწყება მზად არის, გაუზიაროს გამოცდილება ქართულ მხარეს ტყის მდგრადი მართვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალშიც ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება“, – განაცხადა თომას მიულმანმა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი ესწრებოდნენ.