სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდა.
მინისტრმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ოთარ დანელიამ დარგში გატარებულ რეფორმებსა და სისტემურ ცვლილებებზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე სტუდენტებმა მინისტრს სოფლის და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის დეტალები გააცნეს.
საბაკალავრო პროგრამის ბიზნეს-სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტები ამ ეტაპზე სოფელ საწირეს სასოფლო და არასასოფლო ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირებას ახორციელებენ და იდეების პრაქტიკულ ბიზნესგეგმებად ქცევის კუთხით მუშაობენ.
შეხვერაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია ტენდენცია, რაც წარმატებული ბიზნესსკოლის წარმომადგენლების თანამედროვე ცოდნითა და ენთუზიაზმით სოფლის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამაში ჩართვას გულისხმობს.
„ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ უმნიშვნელოვანესია სწორედ თქვენი, განათლებული და მოტივირებული ახალგაზრდა თაობის როლი ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკურ აღმავლობაში. მოხარული ვარ, რომ იმ საქმეს რასაც ხელი მოჰკიდეთ და დღეს გამაცანით, მიუდექით, ისე, როგორ შეეფერება პროფესიონალ კადრებს. თქვენ გაიზიარეთ საერთაშორისო გამოცდილება, მოძიებული გაქვს ინფორმაცია, თუ რა ხელშეწყობა აქვს სოფლის მეურნეობის დარგს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რა მიდგომები და პოლიტიკა არსებობს, რა ვითარება იყო და არის საქართველოში. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ თქვენ ზუსტად აღიქვამთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და DCFTA-ის მნიშვნელობას როგორც დარგის განვითარების, ასევე ქვეყნის წინსვლისა და ევროინტეგრაციის პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ხვდებით ფერმერებს – მათი მოსაზრებები, გამოცდილება, სურვილები თქვენთვის ნაცნობია, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ იმ მიზნის მიღწევაში, რომელიც დაისახეთ… და სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ იცნობთ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას 2015-2020“, – განაცხადა ოთარ დანელიამ სტუდენტებთან შეხვედრაზე.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ოთარ დანელია სტუდენტებს შეხვდა
03/06/2016