ოთარ დანელია თურქ კოლეგას შეხვდა

18/08/2016

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრთან, ფარუკ ჩელიკთან პირისპირ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა ხაზგასმით აღნიშნა თურქეთისთვის მძიმე წუთებში საქართველოდან მიღებული მხარდაჭერის მნიშვნელობა. მინისტრის განცხადებით, ერთი თვის წინ, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრზე, რომელსაც საქართველოს მხრიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ესწრებოდა, გადაწყდა, რომ უახლოს პერიოდში, სოფლის მეურნეობის საკითხებზე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა საქართველოში გაიმართებოდა.
,,პირისპირ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. უნდა აღინიშნოს, რომ 22 წლის შემდეგ, დღეს პირველად იმართება სოფლის მეურნეობის სფეროში აღმასარულებელი კომიტეტის შეხვედრა, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება თანამშრომლობისა და ურთიერთობების მომავალი განვითარების თვალსაზირისით. თურქეთსა და საქართველოს შორის კარგი სავაჭრო ურთიერთობებია, მაგრამ სოფლის მეურნეობაზე მისი მთელი მოცულობის მხოლოდ 10%-ი მოდის. ეს არ შეეფერება იმ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ აუცილებელია ხელი შევუწყოთ ამ პოტენციალის ათვისებას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში იმყოფებიან თურქეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობენ და ისინი დღეს გამართულ საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმში მიიღებენ მონაწილეობას”, – განაცხადა თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრმა, ფარუკ ჩელიკმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია, ყველა საკითხი, რაც ქვეყნებისთვის ორხმრივად სასარგებლო და სასიკეთოა, დადებითად გადაწყდეს.
,,თურქეთი არის საქართველოს მეზობელი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას და გაუმჯობესებას. შეხვედრაზე შევთანხმდით პრაქტიკულად ყველა საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოდან თურქეთში პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. არის ბევრი მიმართულება, სადაც შეიძლება საქართველომ და თურქეთმა აქტიურად ითანამშრომლონ. უნდა აღინიშნოს, რომ უპირობოდ შეგვიძლია თანამშრომლობა იმ პოზიციებში, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული. საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გავა ყველა ის პროდუქტი, რაც ევროკავშირის ბაზარზე გადის. ამიტომ ევროკავშირთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი არის დამატებითი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ სხვადასხვა ბაზარზე სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ითვალისწინებს ორმხრივ ურთიერთობებს, მათ შორის თურქეთიდან იმ პროდუქციის იმპორტს, რომლის წარმოებაც ჩვენ ქვეყანაში არ ხორციელდება. საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე გავა ისეთი პროდუქცია, როგორიცაა თხილი, ხორცი, ასევე თაფლი და ყურძნის კონცენტრატი.
ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთის მხრიდან აგრარული მიმართულებით ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის პირველი ვიზიტია საქართველოში. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა ყოველწლიურად გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0