სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა და ევროკავშირმის მიერ ქართული თაფლის კონტროლის სისტემის აღიარების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს არის საუკეთესო თანამშრომლობით მიღწეული შედეგი. ევროკავშირი მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან და თაფლის მწარმოებლებთან განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ქართულმა თაფლმა ევროპის ბაზარზე ადგილი დაიმკვიდროს და ქართველმა მწარმოებლებმა ეკონომიკური სარგებელი მიიღონ.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძებები თაფლის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, კერძოდ ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიული კვლევების შედეგები. შედეგად დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რათა საქართველო შეყვანილი იქნას მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის იმპორტი ნებადართულია.
ოთარ დანელია ევროკავშირის ელჩს შეხვდა
17/05/2016