ოთარ დანელიამ პარლამენტის აგრარულ კომიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა

01/03/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის საქმინაობის ანგარიში წარუდგინა და უწყების სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობა თანხვედრაშია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიასთან. ოთარ დანელიას განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვა ითვალისწინებს დარგის მდგრად განვითარებას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვების, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის და სოფლის მეურნეობის სექტორში განხორცილებული ინვესტიციების მზარდი დინამიკის შესახებ. ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა ბაზრების დივესრიფიკაციის, საგარეო ვაჭრობის გააქტიურების და ექსპორტის პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების მნიშვნელობა.
„სოფლის მეურნეობამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველო უნდა იქცეს აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნად, რისი პოტენციალიც ნამდვილად არსებობს. ამას ემატება საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ასევე ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გაფორმებული შეთანხმება. ყოველივე ეს, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობები ფაქტობრივად მთელ ევროპასთან ჰქონდეს“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
მინისტრმა ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი უწყებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე. ოთარ დანელიამ სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებების მელიორაციის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების და სურსათის უვნებლობის მიმართულებებზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0