ქალაქ ოზურგეთში N1 საჯარო სკოლის 170 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლის იუბილე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრმა – ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ, მეუფე იოსებმა, გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ მიულოცეს.
„ N1 საჯარო სკოლას უამრავი რამ აქვს საამაყო – 170 წლის ისტორია, ტრადიციები, კურსდამთავრებულთა დღევანდელი თვალსაჩინო წარმომადგენლები და რაც ყველაზე მთავარია პედაგოგები, რომლებიც დღესაც მოღვაწეობენ. მათ არაერთი წარმატებული მოსწავლე აღზარდეს. აღზრდილებს შორის ბევრი სახელგანთქმული საზოგადო მოღვაწეა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიება იყო, მე ვამაყობ ამ ბავშვებით. მოხარული ვარ, რომ ოზურგეთს ჰყავს ასეთი განათლებული და წარმატებული მომავალი თაობა,“ – აღნიშნა გია სალუქვაძემ.
სკოლის დასკვნითი საიუბილეო ღონისძიება ქალაქ ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა თავიანთი ნიჭის პროფესიონალურ დონეზე წარმოჩენა შეძლეს. პირველ სკოლელებმა ღირსეულად წარმოადგინეს მშობლიური სკოლა და სტუმრების წინაშე ემოციურადაც წარსდგნენ.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, წარმატებული კურსდამთავრებულები ანზორ ერქომაიშვილი, გულღია სალუქვაძე, მანუჩარ კვირკველია ასევე, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოზურგეთში N1 საჯარო სკოლის 170 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა
20/05/2016