ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის გაიხსნა

20/09/2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ფოლკლორის ცენტრის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1.6 მილიონ ლარს აჭარბებს.
ფოლკლორის ცენტრის გახსნის ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ფოლკლორის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: “გურია,” „შემოქმედი“, „შვიდკაცა“, „ბასიანი“, ადგილობრივი ტრიო „შალვა ჩემო” და მგალობელთა გუნდი, სალოტბარო სკოლის ჯგუფებმა ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან.
არსებული შენობა ავარიული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა და გარე ინტერიერს. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სამუშაოს დასრულების შემდეგ, ოზურგეთის ფოლკლორის სახლში განთავსდება არქივი და ხმის ჩამწერი სტუდია. აქ თავს მოიყრის ანზორ ერქომაიშვილის მიერ შეგროვებული უნიკალური მასალა. დასავლეთ საქართველოდან ანსამბლებს სიმღერების ჩასაწერად თბილისში ჩასვლა აღარ მოუწევთ.
სამშენებლო სამუშაო 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2018 წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტი ფოლკ-ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0