ოზურგეთში უკრაინის ქალაქ გენიჩესკის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. უკრაინელმა სტუმრებმა, გურიის მხარის რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან, რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძესთან, ოზურგეთის მერ კონსტანტინე შარაშენიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთში, გენიჩესკის ქუჩა მოინახულეს, კულტურისა და დასვენების პარკში, გენიჩესკელთა და ოზურგეთელთა მეგობრობის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ასევე, სოფელ შრომისა და გენიჩესკის სოფელ როვნოეს მრავალწლიანი მეგობრობის აღდგენის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „გურიამ“ საკონცერტო ნომრები წარმოადგინა, უკრაინული ქორეოგრაფიული და საესტრადო კომპოზიციები შეასრულეს გენიჩესკელმა სტუმრებმაც.
უკრაინელებმა შრომაში ძეგლი „მეორე სამშობლოში“ გვირგვინით შეამკეს, მოინახულეს ე.წ „მეგობრობის ბაღი“ და ის ოჯახები, რომლებშიც 90-იან წლებამდე ხშირად სტუმრობდნენ. გენიჩესკსა და ოზურგეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, გუშინ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაფორმდა.
ოზურგეთში უკრაინის ქალაქ გენიჩესკის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
28/10/2019