ოზურგეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა“ აღინიშნა. „ალეგრობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ოთხი ქვეყნის იტალიის, პოლონეთის, უკრაინის და ლიეტუვის დელეგაცია ჩამოვიდა. ჭადრების ბაღში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობდა. გაიმართა სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების, ასევე, ოზურგეთის ტურისტული პოტენციალის გამოფენა. პატარებისთვის მოეწყო გასართობი სივრცე, ადგილობრივმა ფოლკლორულმა, ქორეოგრაფიულმა და საესტრადო ჯგუფებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. შედგა შოუ პროგრამა „ეროვნული სამოსი“.
დაჯილდოვდა თერთმეტი წარმატებული ახალგაზრდა, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100 %-იანი გრანტი მიიღეს, მათ მუნიციპალიტეტისგან 3000-3000 ლარი გადაეცათ. დასახელდნენ ოზურგეთის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეები. ღონისძიებების ფარგლებში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და უკრაინის ქალაქ გენიჩესკს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა, რომელიც თითქმის საუკუნეს ითვლის, ბევრ საინტერესო ისტორიას და წარსულში წარმატებული კავშირების არაერთ ფაქტს ინახავს, რომელიც 1988 წელს შეწყდა. მემორანდუმის საგანს წარმოადგენს – მხარეებს შორის კულტურის და ისტორიის სფეროში ინფორმაციის გაცვლა; ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ქალაქების ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ჯანმრთელობის, მრეწველობის მშენებლობის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ვაჭრობის, ასევე მეცნიერებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება; გამოცდილების გაზიარება სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვით საკითხებში. მოეწყო ფილმის ჩვენება, ფოტოგამოფენა, სადაც ნაჩვენები იყო ორ მუნიციპალიტეტს შორის ისტორიული მეგობრობის შესახებ.
ღონისძიებას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილეები გია ებრალიძე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს რეზიკო ხომერიკის, მარეხი მჟავანაძის, გიორგი ტოროტაძის, ჯგუფ “ალეგროს“ და „რეგიონის” გალა კონცერტი გაიმართა.
ოზურგეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა“ აღინიშნა
27/10/2019