ოზურგეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

26/03/2021

ოზურგეთში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კალანდიასთან ერთად გახსნა.

“დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 32-ე ახალი ადმინისტრაციული შენობა გავხსენით, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობაში 7 ბრიგადის განთავსებაა შესაძლებელი. მალე გურიის რეგიონს ახალი რეანომობილიც გადაეცემა. პანდემიის პერიოდში ექიმები წინა ხაზზე არიან და მათ ამ თავდადებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო”- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0