ოზურგეთში აპოლონ წულაძის ქუჩის რეკონსტრუქცია დასრულებულია

13/09/2016

ქალაქ ოზურგეთში აპოლონ წულაძის ქუჩის რეკონსტრუქცია დასრულებულია. აღნიშნული ქუჩის მიმდებარე ტერიტორია ქალაქის ყველაზე გადატვირთული ნაწილი გახლდათ. სწორედ ამიტომ წულაძის ქუჩაზე ახალი გზაჯვარდინი მოეწყო და შესაბამისი საგზაო ნიშნები განთავსდა. ამიერიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები ცალმხრივი მიმართულებით იმოძრავებენ. რაც საგზაო მოძრაობას მნიშვნელოვნად დაარეგულირებს , საავტომობილო საცობებს განტვირთავს და ქვეითების გადაადგილებას უსაფრთხოს გახდის.
,, აპოლონ წულაძის ქუჩის რეკონსტრუქცია წარმატებით დასრულდა. ქალაქის მერიამ აღნიშნული რეაბილიტაცია კანონის სრული დაცვით განახორციელა. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას ეჭვით უყურებდნენ, აზრს შეიცვლიან, რადგან სულ მალე საკუთარ თავზე იგრძნობენ იმ სიკეთეს, რასაც ეს პროექტი ჩვენს ქალაქს მოუტანს. ჩვენ ვაგრძელებთ ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. 2017 წელს ე.წ. 9 აპრილის სკვერის, აგრეთვე, კულტურისა და დასვენების პარკების რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ გამწვანების მიმართულებით. ბოლო 27 წლის მანძილზე ქალაქ ოზურგეთში არცეთი ხე არ დარგულა, 2016 წელს კი ემენიუსის ჯიშის 350 მცენარე დავრგეთ და გამწვანების მიმართულებით მუშაობას ინტენსიურად ვაგრძელებთ.“- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
გია სალუქვაძე, გურიის მხარის გუბერნატორი:
,, წულაძის ქუჩის რეაბილიტაციით ქალაქის ცენტრი საგრძნობლად განიტვირთება, შესაბამისად, ის ქაოსური მდგომარეობაც დარეგულირდება, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობდა. ქალაქის ურბანული განვითარება მსგავს გადაწყვეტილებას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამოქალაქეები უახლოეს დღეებში იგრძნობენ ამ პროექტის საჭიროებას.’’

Tweet about this on TwitterShare on Facebook0