ქალაქ ოზურგეთში ალ.წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავის” კონცერტი გაიმართა. ანსამბლ “რუსთავის” მომღერლებმა და მოცეკვავეებმა შთამბეჭდავი ნომრები წარმოადგინეს. ისინი სხვადასხვა რეპერტუარით წასდგნენ და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ღონისძიებას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
,, მოხარული ვარ, რომ გურია ანსამბლ „რუსთავს“ მასპინძლობს.არაჩვეულებრივი დღეა, ემოციები იყო ძალიან დიდი. ასეთი დონის ანსამბლების ჩამოსვლა რათქმაუნდა სასიხარულოა. ყველაზე მთავარი სწორედ ახალგაზრდების დაინტერესებაა, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს დღევანდელი კონცერტი. ჩვენ კიდევ უამრავ სხვადასხვა ღონისძიებებს ვგეგმავთ და მათ შორის განსაკუთრებით გამოვყოფ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც გურიაში გაიმართება. მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ანსამბლ “რუსთავს” არაჩვეულებრივი კონცერტისთვის და ორგანიზატორებს ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
,, პირველ რიგში დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელმაც ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა. მსგავსი კონცერტის მომსწრენი ოზურგეთელები ხშირად არ ვართ. ასევე, მადლობა ჩემს ოზურგეთს, რომელმაც იცის ქართული ფოლკლორის ფასი,“- განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.
როგორც ანსამბლ ‘’რუსთავის’’ ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ აღნიშნა მისთვის ყოველთვის სასიხარულოა ქალაქ ოზურგეთში სტუმრობა, ვინაიდან აქ განსაკუთრებულად ემოციური მაყურებელი ხვდება.
სახელმწიფო ანსამბლი ‘’რუსთავი’’ ტურნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში კვლავ აგრძელებს.
ოზურგეთში ანსამბლ “რუსთავის” კონცერტი გაიმართა
12/06/2016