ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018 წლის დეკემბრის თვეში შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG). ინიციატივა მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას, რათა მათ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ განვითარებაში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.
დღეს, პარტნიორთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელია გაერთიანებული. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარაია და ოზურგეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონალური ხელმძღვანელი დაესწრნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას სოფლის მეურნეობა და ტურიზმი წარმოადგენს.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის მხრიდან გასატარებელი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც დასაქმების და შემოსავლის ზრდას შეუწყობს ხელს: მუნიციპალიტეტის ბრენდირება, ადგილობრივი წარმოების და ტურისტული რესურსების პოპულარიზაცია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ტურისტული ლოკაციებისათვის, ტრადიციული ხალხური რეწვის ხელშეწყობა, ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდაჭერა და სხვა.ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება შეიმუშავოს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა. აღნიშნული გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ალეკო მამეშვილი. ჯგუფის წევრები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციის და ბიზნესის წარმომადგენლები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობას მაისის თვეში დაასრულებს. პროექტის ფარგლებში შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება.