ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში აგურის საწარმო გაიხსნება

22/03/2016

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში აგურის საწარმო დაათვალიერა, რომლის მშენებლობის პროცესიც დასასრულს უახლოვდება.
როგორც საწარმოს ხელმძღვანელმა შოთა მარგალიტაძემ აღნიშნა, საწყის ეტაპზე თვეში 60-70 ათასი აგურის წარმოება იგეგმება და პირველ პარტიას ზაფხულში გამოუშვებს. საწარმოში 35-40 ადამიანი დასაქმდება, სამომავლოდ კი გაფართოებაც იგეგმება.
„ჩვენი აგური ბევრი რამითაა განსხვავებული და მოსახერხებელი. ვიზუალურად, ის არის ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ჩვეულებრივი აგური. მისი სიგრძე-სიმაღლე-სიგანე 30-20-15 სანტიმეტრს შეადგენს. არის ჰიდრომედეგი რაც გულისხმობს იმას, რომ ტენს არ იღებს ატმოსფეროდან და არც ატარებს. ასევე გააჩნია მაღალი თბოიზოლაციური თვისებები. ანუ, სიცივეში ინარჩუნებს სითბოს, სიცხეში კი სიგრილეს. თუ ბეტონის ბლოკი, რომელიც მშენებლობებზე გამოიყენება იწონის 25 კილოგრამს, იმავე პარამეტრების მქონე ჩვენი აგური მხოლოდ 6 კილოგრამს იწონის, შესაბამისად, მშენებლობის პროცესსაც აიოლებს”, – განაცხადა შოთა მარგალიტაძემ.
„სოფელ მერიაში მიმდინარე წელს ივნისის თვეში აგურის ახალი საწარმო გაიხსნება. ამ ეტაპზე აღნიშნულ საწარმოში 300 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიების შემდეგ კი დანადგარების დამატებაც მოხდება. ჩვენ საწარმოს დამფუძნებელს შევთავაზეთ და მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს თითოეულ მეწარმეს, ჩაერთოს ყველა იმ სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც მათ თავიანთი ბიზნესის გაფართოებაში დაეხმარება“,- აღნიშნა გია სალუქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0