ქალაქ ოზურგეთში აპრილის თვეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ასევე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების და ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
დღეს მიმდინარე სამუშაო პროცესს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე უშუალოდ გაეცნო და დაზარალებულ მოქალაქეებს გაესაუბრა. ქალაქის მერმა ასევე ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული მრავალბინიანი კორპუსი მოინახულა, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანდა. სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, აღნიშნული კორპუსი ფერადი თუნუქით შეიფუთება.
ბეგლარ სიორიძე, ქალაქ ოზურგეთის მერი:
,,სამწუხაროდ, 23 აპრილს მომხდარმა სტიქიამ ქალაქ ოზურგეთს საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა. დაზიანდა, როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, ასევე მრავალბინიანი კორპუსები. ზარალის სალიკვიდაციოდ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს თანხა მყისიერად გამოუყო, რამაც საშუალება მოგვცა მოსახლეობის პრობლემები ოპერატიულად გადაგვეჭრა. ქალაქის მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ იმ მოქალაქეთა განცხადებები განიხილა, რომლებმაც მერიას დახმარების თხოვნით მომართეს. კომისიამ ადგილზე შეისწავლა თითოეული განმცხადებლის პრობლემა და მოხარული ვარ, რომ ჩვენ ყველა დაზარალებულს ვეხმარებით.“
მიმდინარე წლის აპრილში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, მთავრობის დადგენილებით 1 700 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შ.პ.ს ,,პლაზმა“, შ.პ.ს ,,მოდუსი“ და შ.პ. ს ,,ინტექსი“ აწარმოებენ.
სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი თვის განმავლობაში დასრულდება.
ოზურგეთის მერი სტიქიისგან დაზიანებული სახლების აღდგენის პროცესს გაეცნო
06/07/2017