ოზურგეთის მერი პარკის გამწვანების აქციაში ჩაერთო

12/08/2016

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ “ახალგაზრდული ინიციატივა“ “კულტურისა და დასვენების პარკში“ გამწვანების აქცია მოაწყო, რომელსაც ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეურთდნენ.
პროექტის ფარგლებში აღნიშნული პარკის ტერიტორიაზე მწვანე კუთხე მოეწყო, სადაც დეკორატიული ნაძვები, აბელიები და ბეგონიები დაირგო.
,,დღეს სიამოვნებით შევუერთდი ახალგაზრდების ინიციატივას, რომლებმაც გადაწყვიტეს გაემწვანებინათ “კულტურისა და დასვენების პარკი“. მინდა აღვნიშნო, რომ ოზურგეთი ნამდვილად არ განიცდის პარკებისა და სკვერების ნაკლებობას, პირიქით, შეიძლება ითქვას, არცერთ ქალაქს არ აქვს იმდენი პარკი, რამდენიც ოზურგეთს. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები ასეთი მონდომებულები არიან.
სამწუხაროა, რომ დიდთოვლობის დროს პარკში ატრაქციონი დაზიანდა, თუმცა ქალაქის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან უკვე გამოყო რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა. ველოდებით ტენდერის გამოცხადებას და უახლოეს პერიოდში ბავშვებს უკვე ექნებათ განახლებული ატრაქციონი.“ – განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ .
აღნიშნული აქციის ფინანსური მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0