ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გაფართოებული შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრთან, ბიულენთ თუფენქჯისთან. შეხვედრას ქართული მხრიდან, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
თურქული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ, თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა, მათ შორის, საბაჟო, ევროკავშირთან და საგარეო თანამშრომლობის დირექტორატების ხელმძღვანელმა, ასევე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებმა.
მხარეებმა მიმოიხილეს, ორმხრივ და რეგიონულ ჭრილში, უსაფრთხო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ გაწეული საქმიანობა. საუბარი შეეხო, აგრეთვე, საქართველოსა და თურქეთის, როგორც ტრანზიტული ფუნქციის განმახორციელებელი ქვეყნების მნიშვნელობისა და როლის ამაღლებას რეგიონში.
დაისახა სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების სამომავლო გეგმები, თანამედროვე საბაჟო კონტროლის მექანიზმების დანერგვის გზით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თურქეთის მხარეს, „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას, მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის გაუმჯობესების საკითხს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ახალქალაქი-ყარსის მიმართულებით ახალი სარკინიგზო ხაზით გადაადგილებული ტვირთისა და მგზავრების მიმართ მოქნილი და მოდერნიზებული საბაჟო პროცედურების დანერგვის გეგმაც.
ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის, ორმხრივი, ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.
დღესვე, ხელი მოეწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების პროგრამის სამოქმედო გეგმას და გაფორმდა ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შეხვედრის ოქმი.