ნინა ხატისკაცი ნანტიდან ჩამოსულ მოზარდებს შეხვდა

08/07/2016

თბილისთან დამეგობრებულ საფრანგეთის ქალაქ ნანტიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა მერიაში უმასპინძლა.
შეხვედრაზე ნინა ხატისკაცმა ნანტსა და თბილისს შორის არსებულ მეგობრობასა და ორ ქალაქს შორის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ გიმასპინძლოთ თბილისის მერიაში. ჩვენთვის თქვენი საქართველოში სტუმრობა დიდი პატივია. თბილისსა და ნანტს 35წლიანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ მრავალ ერთობლივ პროექტს ვანხორციელებთ, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტებია. აქტიურად ვმუშაობთ სახელოვნებო სფეროებშიც და ერთმანეთის გამოცდილებას ვიზიარებთ. ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს“ – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

თავის მხრივ, ფრანგმა ახალგაზრდებმა ნინა ხატისკაცს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ მათთვის ძალიან საინტერესოა, როდესაც ქართველი და ფრანგი მოზარდები ერთმანეთს აზრებს უზიარებენ.

თბილისში ფრანგი მოზარდების 20 კაციანი ჯგუფის ვიზიტი ნანტი-თბილისის ახალგაზრდული პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ვიზიტი ნანტში არსებულ ასოციაცია „Accord“-ის მიერ არის ორგანიზებული. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერის მოადგილემ მოზარდებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები საქართველოში საინტერესო და დაუვიწყარ დღეებს გაატარებენ.
პროექტის ფარგლებში, მომავალ წელს ნანტს ქართველი ბავშვები ესტუმრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0