საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილემ, კახა შარვაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ღორეშაში ძიუდოს დარბაზი გახსნეს.
დარბაზი, სადაც მომავალი ძიუდოისტები ივარჯიშებენ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გარემონტდა, ხოლო ინვენტარი და კიმონოები ახალგაზრდებმა ძიუდოს ფედერაციისგან საჩუქრად მიიღეს.
ღორეშის ძიუდოს ჯგუფს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ზაზა ჯანჯღავა ავარჯიშებს.
ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს, პედაგოგებს, მშობლებს და აღნიშნა, რომ სპორტის მნიშვნელობა ახალგაზრდებმა სწორად უნდა გააცნობიერონ. „ძიუდო, მხოლოდ საბრძოლო ხელოვნების ილეთები არაა, ეს არის სპორტი, სადაც ურთიერთგაგებით მიიღწევა პროგრესი. ძიუდო არის ვარჯიში – სწორი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენგან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება ხარაგაულში სპორტის განვითარებას, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემ წინამორბედს, კობა ლურსმანაშვილს, რომლის დროსაც მოხდა ამ შენობის კეთილმოწყობა“ – აღნიშნა თოფურიძემ.
თავის მხრივ, ხარაგაულის მერს მადლობა გადაუხადა, კახა შარვაძემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ნიკო თოფურიძის დიდი მონდომებით, ძალისხმევით და ხელშეწყობით მოხდა ღორეშაში ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება. „ჩვენ ძალიან გვიხარია დღეს აქ ყოფნა, ეს არის მნიშვნელოვანი, რაც ახლა ღორეშაში ხდება. ერთი წლის წინ, ერთი ჯგუფი გავხსენით ვახანში და როგორც ვიცი კილომეტრებს გადიან ფეხით ბავშვები, რომ სავარჯიშოდ მივიდნენ. განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ სპორტის მნიშვნელობას პატარა ასაკიდანვე ეზიარებიან ბავშვები“ – განმარტა ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილემ.
დარბაზი ადგილობრივმა მოძღვარმა მამა პეტრემ (კურტანიძე) აკურთხა.
გახსნაზე მოწვეული იყვნენ ხევისა და ვახანის ძიუდოს ჯგუფის წევრები და მწვრთნელები, რომელთაც საჩვენებელი ვარჯიშები ჩაატარეს.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, ა(ა)იპ ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის დირექტორი, დავით გელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ღორეშაში ახლად გახსნილ ძიუდოს ჯგუფში 25 სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდა ივარჯიშებს, მათ შორის გოგონებიც.
ნიკოლოზ თოფურიძემ ღორეშაში ძიუდოს დარბაზი გახსნა
15/11/2017