თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კახა კალაძის განცხადებით, უვადო სპეცნებართვა, რომელიც ინვესტორს გააჩნია, 2013 წელს, ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერაა გაცემული.
„მინდა, დავიწყო თბილისისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემით. ეს არის ვაკის პარკში, გიგი უგულავას მიერ, 2013 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელმაც გამოსცა სპეციალური აქტი – უვადო სპეცნებართვა და ამ კომპანიას მიეცა უფლება, ვაკის პარკში 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა ააშენოს, რაც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულია. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და პირველ რიგში, თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან მძიმეა. ამ მშენებლობას აქტივისტების ჯგუფი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. დავები იყო სასამართლოშიც. სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია ანუ სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული. რამდენიმე დღის წინ, ყოფილი მერი, გიგი უგულავა გამოდის მიამიტი სახით და ბოდიშს უხდის საზოგადოებას ჩემი გამონათქვემების გამო და არა იმის გამო, რაც ქალაქის წინაშე ჩაიდინა და რა შეცდომებიც აქვს დაშვებული. დარწმუნებული ვარ, ბევრი ასეთი ნებართვაა გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის ძალიან მძიმე იქნება. უკვე ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომლებიც მისი მერობის დროსაა გაცემული. პირდაპირ ვიტყვი, ჩემთვის ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ინვესტორის მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. მერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობა ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა თბილისისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში სასტუმრო არ აშენდეს.
„მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორი, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა. ეს ცალკე ისტორიაა – ის პირდაპირ გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ თურმე, ხელებს ვუგრეხთ. ვერცერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ქალაქის და თბილისელების ინტერესები უპირველესია და ინვესტორს არასდროს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის გარეთ გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული თეთრის ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რადგან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების დასაქმებისთვის, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა, ინვესტორი მყავს მხედველობაში, შანტაჟის ენით იმას ესაუბროს, ვისთანაც გასდიოდა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში – ვაკის პარკში ამ შენობა-ნაგებობის განთავსება კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ამ ადგილას ეს მშენებლობა არ დავუშვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შემდეგი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობის ფართებით დაკმაყოფილებაა. აღინიშნა, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს გადაეცემა.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობა საკმაოდ ბევრი გვყავს. მათი რაოდენობა 3000-ს აღემატება. უკვე აღვნიშნეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ადამიანები ფართებით დაკმაყოფილდნენ. სახელმწიფის ეს ვალი აღიარებული აქვს. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს, რომელიც 90-იანი წლებიდან მოდის და საკმაოდ მძიმეა. აღნიშნული მიმართულებთ, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დღეს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მერიის საკუთრებაში არსებული ფართების 40 ოჯახისთვის გადაცემის საკითხს განვიხილავთ “, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე, დაბალი სოციალური ქულების მქონე ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება.
„განვსაზღვრეთ წესი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართებით მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები დაკმაყოფილდნენ. გვაქვს სრული სია და ბინების გადანაწილება ამ პრიორიტეტებით მოხდება. დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის მდებარე მერიის კუთვნილებაში არსებული ცალკეული ფართები პირდაპირი განკარგვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ, დამატებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 100-მდე ოჯახის ფართებით დაკმაყოფილებას შეძლებს, რადგან დაზარალებული მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დადებითი შედეგით დასრულდა.
„კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა გამოხატვა გვქონდა გამოცხადებული, რომელზეც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, შენობა-ნაგებობები უნდა აშენდეს. სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვა რამდენჯერმე უარყოფითი შედეგით დასრულდა. შემდეგ, შევცვალეთ მიდგომა და იმისთვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლები უფრო დაინტერესებულიყვნენ, გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ. ნუცუბიძის ფერდობზე, წყალსადენის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული 12 223 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დადებითად დასრულდა. მერიამ კონკურსი ჩაატარა და დაზარალებულებისთვის ფართების გადასაცემად ბევრად უკეთესი შეთავაზება მიიღო, ვიდრე ეს ინდივიდუალურ რეჟიმში თბილისის მერიისთვის იქნა შეთავაზებული“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, კონკრეტული ჯგუფი დაზარალებული მოსახლეობის დასაკმაყოფილებლად, დედაქალაქის მერიას დაახლოებით, 5000 კვ. მეტრის გამოყოფას სთავაზობდა, რაც საკონკურსო პირობების შედეგად, გაუმჯობესდა.
„ჩვენ საკონკურსო პირობა მერიის ვებგვერდზე განვათავსეთ. შედგა ვაჭრობა, რომლის შედეგადაც, 5 000 კვ. მეტრის ფართი 7 100 კვ. მეტრამდე გაიზარდა, რის შემდეგაც, დამატებით, 100-მდე ოჯახის დაკმაყოფილებას ვახერხებთ, ვისი ვალიც სახელმწიფოს 90-იანი წლებიდან აქვს აღიარებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების ფართებით დაკმაყოფილება ხდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაზარალებულთა რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ და აღნიშნული პრობლემა ყველას მოვუგვაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, მერიის ვებგვერდზე, დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში, მე-12 და 25-ე კორპუსების მიმდებარედ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ორ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, საკონკურსო პირობა განთავსდება.
„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, ჩვენს ვებგვერდზე გაეცნოს დედაქალაქის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კონკურსის პირობებს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი ძალიან დიდი იქნება და კონკურსი წარმატებით შედგება. ჩვენ საკონკურსო პირობით გამოცხადებული გვაქვს, რომ 50 ოჯახის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ გამოხატული ინტერესის შედეგად, საკონკურსო პროცესი აღნიშნულ პირობას გააუმჯობესებს და უფრო მეტი ოჯახის დაკმაყოფილებას შევძლებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, დაინტერესებულ კომპანიებს აღნიშნულ წინადადებებზე გაუმჯობესებული პირობების წარმოდგენა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია თბილისში გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტსა და პროექტის შექმნის საკითხს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც, არსებული გარე განათებები ჩანაცვლდება.
„მინდა შევეხო გარე განათების სისტემის ჩანაცვლების სტანდარტისა და პროექტის შექმნის საკითხს. დღეს, თბილისში ქუჩების სტანდარტი არ არის დაცული და ყველა ქუჩა სხვადასხვანაირად არის განათებული. რა თქმა უნდა, ყველა ქუჩა ერთნაირად არ უნდა იყოს განათებული. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ქუჩა, ცენტრალური მაგისტრალები, საუბნო ქუჩები. ამიტომ, საჭიროა, რომ პროექტის ფარგლებში, ყველა ქუჩას შესაბამისი განათება ჰქონდეს. საუბარი მაქვს ახალ, თანამედროვე LED ტიპის განათების სისტემაზე, რომელიც ეკონომიურობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, თავდაპირველად, ტენდერი გარე განათების სტანდარტის პროექტირებაზე, შემდეგ კი გარე განათების არსებული სისტემის ჩანაცვლებაზე გამოცხადდება.
„ეს სტანდარტი იქნება კომფორტული ქვეითებისთვის, მოსახლეობისთვის, გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის და მგონია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კონცეფცია უკვე შემუშავებული გვაქვს. „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალება, გამოაცხადოს ტენდერი პროექტთან დაკავშირებით. როდესაც უკვე პროექტი მომზადდება, გარე განათებების LED სანათებით ჩანაცვლებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი კომპანია იქნება დაინტერესებული, რომ ეს ცვლილება მთელი ქალაქის მასშტაბით განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, გარე განათების სისტემის ჩანაცვლებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული მიმართულება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი.
ამასთან, თბილისის მერმა მოადგილეს, მაია ბითაძეს დაავალა, უკვე არსებული 14 ქუჩის გარდა, განისაზღვროს დამატებითი ქუჩები, რომლებზე მოძრავ მიკროავტობუსებს მგზავრების აყვანა-ჩამოსმის ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნება. კახა კალაძემ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, მამუკა მუმლაძეს კი, შერჩეულ ქუჩებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სთხოვა.
„გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი. შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს სხვადასხვა ადგილას გაჩერება ეკრძალებათ და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გაჩერებებზე, მოსაცდელებში აქვთ უფლება, მგზავრი ჩამოსვან და აიყვანონ. ეს ყველაფერი მოძრაობისა და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა, რომელმაც საკმაოდ გაამართლა. მინდა, მაია ბითაძეს დავავალო, დაიწყონ მუშაობა დამატებითი ქუჩების განსასაზღვრად, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერების ვალდებულება მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ. ამავდროულად, მინდა, მამუკა მუმლაძეს დავავალო, ვიდრე ქუჩების შერჩევას დაიწყებთ, ინფრასტრუქტურის მომზადება დაიწყოთ. ვგულისხმობ დამატებითი გაჩერებების მოწყობას, რათა მოცულობა გაიზარდოს და მიკროავტობუსებისთვის მგზავრების აყვანა და ჩამოსმა უფრო მარტივად იყოს შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერმა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, სპეციალური ფორმები შეიკეროს MAN-ის ფირმის ავტობუსების მძღოლებისთვის, რომლებიც ქალაქში თებერვლიდან ეტაპობრივად შემოვა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, საბაგირო ხაზების განვითარებაა, რომლის თვალსაზრისითაც, დედაქალაქს დიდი პოტენციალი გააჩნია. მისი თქმით, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ინვესტირებისთვის განსაკუთრებით, „სამგორი“-ვაზისუბნისა და „ახმეტელის თეატრი“-ზღვისუბნის მარშრუტებია მიმზიდველი.
„2016-2017 წლებში, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თბილისს საბაგირო ხაზების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ კვლევის შედეგად მივიღეთ, რომ ინვესტირებისთვის მიმზიდველია „სამგორი“-ვაზისუბნისა და „ახმეტელის თეატრი“-ზღვისუბნის მარშრუტები. შესაბამისად, მინდა, დავავალო მაია ბითაძეს, დაიწყოთ მუშაობა, რათა განისაზღვროს, რომელი იქნება ყველაზე საინტერესო მარშრუტი მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით და დავიწყოთ ამ პროექტზე მუშაობა, რათა შემდგომ მისი განხორციელება შევძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ სამგორის რაიონში არსებული სამხედრო დასახლების შიდა ტერიტორია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გადაეცემა და მას თბილისის მერია კეთილმოაწყობს. კახა კალაძემ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე მიიღეს.
„თბილისში, სამგორის რაიონში სამხედრო დასახლება არსებობს. იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა არაერთხელ მოგვმართეს იმასთან დაკავშირებით, რომ შიდა ტერიტორია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მოწესრიგებას საჭიროებს. დასახლების ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობები თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა. თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან კომუნიკაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადავიდეს. მზად გვაქვს რეაბილიტაციის პროექტი და რამდენიმე დღეში, როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, ტერიტორიის მოწესრიგებას და კეთილმოწყობას დავიწყებთ. იქ მართლა უმძიმესი მდგომარეობაა, წვიმის დროს გავლა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ადგილობრივ მოსახლეობას ვპირდები, რომ აღნიშნული პრობლემები, ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, გარე განათებების მონტაჟი თუ სკვერების მოწყობა, ყველაფერი უახლოეს პერიოდში მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში (კიკვიძის პარკი) მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი საკვები აპარატის დაზიანების ფაქტს ვანდალიზმი უწოდა და აღნიშნა, რომ კამპანიაში – „გაუფრთხილდი ქალაქს“, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს.
„რამდენიმე ხნის წინ ქალაქში სპეციალური აპარატები განვათავსეთ, რომლითაც მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაა შესაძლებელი. ამას საკმაოდ დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა. შეირჩა რამდენიმე ლოკაცია და პირველ ეტაპზე, რადგანაც ეს საპილოტე პროექტი იყო, სამი აპარატი განთავსდა. ერთ-ერთი კი, რომელიც კიკვიძის პარკში დაიდგა, რამდენიმე დღის წინ დაზიანებული და დამტვრეული დაგვხვდა. ძალიან სამწუხარო და საწყენია, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ კეთილი საქმეები ვაკეთოთ. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, ის თანხები, რაც მსგავსი პროექტების განხორციელებისთვის იხარჯება, თითოეული ჩვენგანისგან მიღებული შემოსავალია. ამ ყველაფრის აღდგენაზე ისევ ჩვენი ფული უნდა დაიხარჯოს. სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ხშირია. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ კამპანია – „გაუფრთხილდი ქალაქს“. მსგავს პროექტებში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს, რათა მათ ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ის ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, გამგებლებს, საქალაქო სამსახურების უფროსებსა და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს თხოვნით მიმართა, რომ მუდმივად ხალხის სამსახურში იყვნენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების მხრიდან ინტერესი და თანადგომა ძალიან დიდი იქნება. ჩვენ ერთად უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაგვაჩნია, რასაც ვქმნით და რასაც ვაკეთებთ. მზად ვართ, ვემსახუროთ თბილისს, თბილისელებს, რომ დედაქალაქი გამართული და მოწესრიგებული იყოს. ჩემი თხოვნა იქნება თითოეული თანამშრომლის მიმართ, ეს ეხება მოადგილეებს, გამგებლებს, სამსახურების უფროსებს, მათ თანამშრომლებს, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა თემის სიმძაფრეს, ელემენტარული საკითხიც კი, რომლითაც მოქალაქე თხოვნით მოგვმართავს, უნდა იყოს განხილული. ყველა მოქალაქეს ყველა თემაზე კონკრეტული, სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი უნდა ჰქონდეს. საზოგადოებამ, უნდა იგრძნოს ის, რომ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი მათ სამსახურშია. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საუბრის დასასრულს, დედაქალაქის მერმა მოსახლეობის თანადგომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ყველა თქვენგანს, თბილისელებს, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. უახლოეს მომავალში წარვადგენთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომლის განხორციელებასაც 2019 წელს ვაპირებთ. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება და ამ ყველაფერში თითოეული თბილისელის იმედი მაქვს, როგორც ეს იყო 2018 წელს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს რამდენიმე თვის განმავლობაში კონკრეტული ქუჩები გადათხრილი იყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში, დღე და ღამე მიმდინარეობდა. მოსახლეობა ამას გაგებით ეკიდება. იციან, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქისთვის, შვილებისა და მომავალი თაობებისთვის კეთდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.