დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მიღებული რეგისტრაციის წესი საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა, რომლის მიხედვითაც, მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის ტაქსებისთვის სავალდებულო იქნება.
„ნებართვის მაძიებლები ძალიან მარტივად, სპეციალური ვებგვერდის საშუალებით გაივლიან რეგისტრაციას, რისთვისაც მიუთითებენ პირად მონაცემებს, მართვის მოწმობისა და ავტომანქანის ტექპასპორტის ნომრებს და ელექტრონულად გადაიხდიან ნებართვის საფასურს. ამ პროცედურის გავლის შემდეგ, მაქსიმუმ ორი დღის ვადაში მიიღებენ შესაბამის საბუთს. ამის გარდა, მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, მიმართონ გამგეობებს, სადაც მიიღებენ ნებართვებს“, – განმარტა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ნებართვის ერთი წლით აღების საფასური ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილებისთვის უფასოა.
„აღნიშნული მოსაკრებლის გარდა, რაიმე დამატებითი გადასახადის გადახდა ნებართვის მფლობელს არ მოუწევს. ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსების სანებართვო რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის ერთი ოქტომბრიდან დაიწყება და ყურადღება მიექცევა ტაქსის ვიზუალს – ფერს, რომელიც წინასწარ იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები შემუშავდება მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ტაქსებისთვის.
მთავრობის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საბოლოო შეთანხმება შედგა და თბილისისთვის პირველად, ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება იწყება. დოკუმენტი ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებს დაეფუძნება და საფუძველს ჩაუყრის ნარჩენების სეპარირებისა და აღდგენის სისტემის ჩამოყალიბებას.
„ევროპამ და განვითარებულმა მსოფლიომ კარგად გაიაზრა, რომ ნარჩენი არ არის ისეთი რამ, რასაც თავიდან ვიშორებთ. იგი შეიძლება გადავამუშაოთ და გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებით. ეს მიდგომა არამარტო დაიცავს ზოგადად გარემოს, არამედ ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და უნარჩენო წარმოების განვითარებას, რაც მგონია, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ის სტრატეგია, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუნიციპალიტეტთან ერთად შეიმუშავებს, იქნება საწინდარი იმისა, რომ თბილისი ძალიან მალე, ეტაპობრივად გადავა ნარჩენების ადგილზე სეპარირების სისტემაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუჩებში სეპარირებული ურნები ეტაპობრივად განთავსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით, გარკვეული ხელშეკრულება იყო გაფორმებული, თუმცა ძალაში არ შესულა, რადგან სისტემა, რომელსაც ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებდა, მოძველებული იყო, აღარ შეესაბამებოდა ნარჩენების მართვის კოდექსს, ნარჩენების მართვის სამთავრობო სტრატეგიას და ასოცირების ხელშეკრულებას.
„დოკუმენტი ასევე, ეწინააღმდეგებოდა ნარჩენების ადგილზე სეპარირების იდეას, რომელზეც საქართველო 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა გადავიდეს. სწორედ სეპარირებისა და მწარმოებლის ვალდებულებების იდეასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა ხელშეკრულების პროექტი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დაწუნებული და მერიას მიეცა რეკომენდაცია, რომ კომპანიასთან ერთად შეეცვალა ხელშეკრულების პირობები, თუმცა ამაზე მოლაპარაკება ვერ შედგა. მეტიც, მათ უარი განაცხადეს 25 წლის ვადით გადაცემული მიწის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც, სასამართლოს მივმართეთ, რათა საკუთრებაზე მუნიციპალიტეტის უფლება აღდგეს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ყურადღება მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობის სამუშაოებზეც გაამახვილა, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გზაგამტარი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობას არსებითად განტვირთავს და საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.
„ყველამ იცით, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ მონაკვეთზე გადაადგილება, განსაკუთრებით პიკის საათებში. პროექტის განხორციელებით, მოძრაობა სრულად განიტვირთება. გარდა ამისა, თავისუფლად შეძლებენ გადაადგილებას ნუცუბიძის პლატოებიდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოები ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ნანი ბრეგვაძესა და ბუბა კიკაბიძეს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადაეცემათ.
„რამდენიმე დღის წინ, ორ ადამიანს, რომლებიც ყველასთვის დასაფასებელი და საყვარელი ადამიანები არიან – ქალბატონ ნანი ბრეგვაძესა და ბატონ ბუბა კიკაბიძეს, იუბილე ჰქონდათ. მინდა, მათ დიდი სიყვარულით მივულოცო, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვო. ასევე, ორივე მათგანს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიგელები გადავცე“, – განაცხადა თბილისის მერმა.