ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩა N1-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა. საბავშვო ბაღში 11 ჯგუფი შეიქმნა, მთლიანობაში კი, ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ბაგა-ბაღის ეზოში განთავსებულია რამდენიმე სათამაშო და გასართობი მოედანი. „დღეს დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, რიგით მეშვიდე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გავხსენით, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მშენებლობას. თბილისს კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ საბავშვო ბაღს ვაჩუქებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. ბაღი ყოფილი N79 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც 2011 წელს ავარიულობის გამო დაიხურა, აღსაზრდელები კი, ამ დრომდე, N7 საჯარო სკოლის შენობაში დადიოდნენ. განახლებულ ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი. N79 საბავშვო ბაგა-ბაღი მეშვიდე ბაღია, რომელიც დედაქალაქს მიმდინარე წელს შეემატა.
ნაძალადევში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
17/10/2016