„ბანდიტებიც თქვენკენ მოიკითხეთ, სასახლეებიც და კრიმინალიც, საკუთარი პირადი ცოდვებიც მოიკითხეთ, გარდა გუნდის ცოდვებისა“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას.
„ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი რომ საუბრობს მაღალ მატერიებზე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უბედურება და ეს უბედურება დასრულდება ძალიან მალე. ეს უბედურება ძალიან მალე უნდა დასრულდეს. „ნაცმოძრაობა“, რომელიც გამოირჩეოდა გაუპატიურებით, ადამიანის ღირსების შელახვით, ბიზნესის რეკეტით, ათასი უბედურებით და ეს ადამიანები ახლა ლაპარაკობენ რაღაც სპექტაკლებით გამოგონილ თემებზე. ერთი სპექტაკლი დაიწყეთ და ჩაგივარდათ, დაიწყეთ მეორე სპექტაკლი და ესეც ჩაგივარდებათ ისევე, როგორც პირველი სპექტაკლი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს „საინტერესო რამ წამოსცდა“.
„ამ წამოცდენით ფარდა ახადეთ იმ სპექტაკლს, რომელიც დაიწყო გუშინ „რუსთავი 2“-მა. საინტერესო რაღაც წამოგცდათ, რომ მირზა სუბელიანს ეტყობა თქვენთან პრობლემა შეექმნაო. წამოგცდათ, ბატონო ნიკა და ძალიან მძიმედ მოგიბრუნდებათ ეს უკან, იმიტომ, რომ გაშიფრეთ ის სპექტაკლი, რომელიც გუშინ დადგა გვარამიამ, რომელიც დღეს იმუნიტეტს უცხადებს თქვენს მირზა სუბელიანს და ეს სპექტაკლი გაშიფრეთ თქვენ დღეს. მაგ წამოცდენას არ გაგიტარებთ და ბოლომდე გავყვებით, ნიკა გვარამიას პოსტსაც ბოლომდე გავყვებით“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ნიკა მელიას საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს, ქართული საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“ ღალატისთვის და დანაშაულისთვის ბოლომდე გასცემს პასუხს.
„სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი ხართ, იმ პარტიის, რომელიც 10 ათას კაცს აჩუქებინა ქონება, იმ პარტიის, რომელიც ციხეში აწამებდა და აუპატიურებდა ათასობით ადამიანს, აყაჩაღებდით ხალხს, აყალბებდით არჩევნებს, ამ უბედურებას აკეთებდით და შეცდომა კი არ დაუშვა, ჩაიდინა ღალატი და დანაშაული ქვეყნის წინაშე. ტერიტორიების 20 % ჩააბარეთ რუსეთის ფედერაციას თქვენი ღალატის გამო და 28 ოქტომბერს ჩაგაბარებთ კიდევ ერთხელ იქ, სადაც საჭიროა, საქართველოს მოსახლეობა და ქართული საზოგადოება. ბოლომდე გაგცემთ პასუხს მაგ ყველაფრისთვის, მაგ ღალატისთვის, დანაშაულისთვის, ათეულობით სოფლის დაკარგვისთვის, ათი ათასობით ადამიანის გამოდევნისთვის, ასეულობით ადამიანის დაღუპვისთვის. მაგ დანაშაულს ვერ ჩამოირეცხავთ ვერასდროს და მიშა სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი, ხმას არ უნდა იღებდეს და კარგია, რომ დარბაზს ტოვებთ. ეს არის კიდევ ერთი გაქცევა დისკუსიიდან და ბრძოლის ველიდან და თქვენ სალაპარაკო რომ არ გაქვთ, ამას ადასტურებთ თქვენი გაქცევით“,- მიმართა ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს.