„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პროკურატურას სოფელ კორცხელში გუშინ მომხდარი დაპირისპირების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება მთავარ პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თინა ბოკუჩავამ და ირაკლი აბესაძემ შეიტანეს. თინა ბოკუჩავას განცხადებით, სარჩელში იდენტიფიცირებულები არიან მოძალადეები.
„ჩვენ შევიტანეთ სარჩელი კონკრეტული სახელებით და გვარებით. ამ სარჩელში იდენტიფიცირებულები არიან ის პირები, რომლებიც კახა კალაძემ მიუქსია ”ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერებს. ჩვენ მოვითხოვთ დროულ და ეფექტურ გამოძიებას. მთავარი არის ის, რომ კორცხალის მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ვერანაირი ბანდიტები მათ ვერ დააშინებენ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ირაკლი აბესაძის თქმით კი, შს სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება მსუბუქი მუხლით, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს პროკურატურას გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლებით.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა პოლიტიკურ ლიდერებზე. ამ შემთხვევაში მოვისმინეთ ხელისუფლების განცხადება, რომ გამოძიება მიმდინარეობს უბრალოდ ცემის მუხლით და ეს ნიშნავს, რომ ამ ფორმით აპირებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას „ქართული ოცნება“. ჩვენ მოვითხოვთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გამოძიებას. ეს არის პოლიტიკურ თანამდებობების პირებზე თავდასხმა, ხულიგნობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. უნდა დადგინდნენ ორგანიზატორები გამოძიების მხრიდან, თორემ საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ორგანიზატორი იყო კალაძე და ხელისუფლება“, – განაცხადა აბესაძემ და აღნიშნა, რომ პროკურატურის იმედი არ აქვს, თუმცა, განცხადების შეტანა აუცლებელი იყო სამართლებრივი პროცედურების დაცვისთვის და ხელისუფლების ლუსტრაციისთვის.