”ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა ეს სიცრუის მანქანა აემოქმედებინა

07/06/2016

რა თქმა უნდა, შფოთავს იან კელი, რომ რამე ისეთი არ მოხდეს, რაც დამღას და ცუდ ეფექტს მისცემს არჩევნებს, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

”მინდა იან კელის განცხადებას გამოვეხმაურო. სხვათა შორის, გუშინ შეხვედრა მქონდა მასთან. ვაანალიზებდით, უფრო ადრეც მქონია საუბრები ბატონ ელჩთან და ადრეც მსმენია მისგან ის შეშფოთებები, რაზეც წერილში საუბრობს, მაშინაც თანხვედრაში ვიყავით და ახლაც თანხვედრაში ვარ მასთან. ის, რომ არჩევნების დაწყებამდე დარჩენილია 3-4 თვე და შეიძლება შეიცვალოს ტელევიზიის მენეჯმენტი, დაწყებული გვარამიადან და დამთავრებული ქვემოთ, არ არის სასურველი, რამეთუ ამას ევროპასა და ამერიკაში სწორად ვერავინ გაიგებს. ამას აბსოლუტურად ვეთანხმები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მას ელჩის განცხადებაში ბევრი გამონათქვამი არ მოეწონა.

”განცხადება იწყება გვარამიას კრიტიკით, რომ ასე არ უნდა იქცეოდეს და შემდეგ იხსენებს საკუთარ ქვეყანას, ამერიკას, რომ იქ ეს რომ მოხდეს არჩევნების პროცესში, ქუჩები ხალხით გაივსება. ელჩი აბსოლუტურად გულწრფელად საუბრობს. ამაზე საუბარი მქონდა გუშინაც და უფრო ადრეც. ის არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ეს კაცი აფასებს თავისი ქვეყნის გადმოსახედიდან. გუშინაც გვქონდა ასეთი პოლემიკა და არ ვეთანხმები, მაგრამ მისი პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, მისასალმებელია და იკითხება მხოლოდ ერთი რამ, რომ მას ძალიან სურს ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვითარდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ იან კელი და მისი წინამორბედი ელჩიც ძალიან გამოცდილი დიპლომატები იყვნენ, რაშიც საქართველოს ძალიან გაუმართლა.

”რა თქმა უნდა, შფოთავს იან კელი, რომ რამე ისეთი არ მოხდეს რაც დამღას და ცუდ ეფექტეს მისცემს იმ არჩევნებს, რომლისთვისაც ჩვენ ვემზადებით და რომლისთვისაც მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს ამერიკისგან. მადლობა მზარდაჭერისთვის. ერთი რაშიც ვერ ვთანხმდებით არის, რომ აქ ქუჩები ხალხით ვერ გაივსება, რადგან სხვა რეალობაა და სხვანაირი წარმოდგენა აქვთ ამ ტელევიზიაზე. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მოახერხა ეს სიცრუის მანქანა აემოქმედებინა, მითუმეტეს გარეთ, რადგან ქვეყნის შიგნით უფრო რთულია, ვინაიდან აქ ვხედავთ. ხალხს ხოცავდნენ და აშიმშილებდნენ და რამდენიც არ უნდა ეძახა ვირტუალურ სამყაროში ტელევიზიებიდან ასე არ არისო, ხალხი ხედავდა. ქვეყნის გარეთ კი ”ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი ხელწერით უფრო დააზიანა ქვეყანა. მე ვფიქრობ, ევროპასა და ამერიკაში ძალიან გაუჭირდებათ იმის გაგება, რომ სამი ოთხი თვით ადრე ოპოზიციის საკუთრებაში მყოფი ტელევიზიის მენეჯმენტის შევცვლა მოხდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ისინი მოახერხებენ ”დასავლეთისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად შეფუთონ”.

იან კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნოდ, რომელიმე მედიაორგანიზაციას მენეჯმენტის ან მესაკუთრეების შეცვლის საფრთხე დაემუქროს, ეს ყველასთვის მიუღებელი იქნებოდა.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ”რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი და კონკრეტულად ამაზე ვერ ისაუბრებს და საკითხი აშშ-ის პოლიტიკის ჭრილში განიხილა.

”ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებისმიერი ტელევიზიის, ან მედიაორგანიზაციის წინააღმდეგ რომ მიდიოდეს სასამართლო პროცესი და საშიშროება შეიქმნას იმის, რომ როგორც მენეჯმენტი, ასევე მესაკუთრეები შეიძლება შეიცვალოს, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა, როგორც მედიისთვის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის. ამიტომ, მე მინდა ნათლად გამოვთქვა ჩემი აზრი – ეს მიუღებელია და ამის მიმართ ტოლერანტობა გამოხატული არ იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ისევ ვიმეორებ, საარჩევნო პერიოდში და არ უნდა იყოს ამის მიმართ ტოლერანტობა საქართველოში”, -განაცხადა იან კელიმ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0