ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დედა-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო

21/04/2017

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედა-შვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ხ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“, მეორე ნაწილის ,,ბ“, მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, 19, 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ბრალდების მხარემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ 30-მდე სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი 21 ტომად წარდგენილი მტკიცებულებები გამოიკვლია, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის იარაღი – დანა, რომელზეც გ.ხ.-ს და მოკლული დედა-შვილის დნმ აღმოჩნდა, ასევე ნ. რ.-ს საცხოვრებელი ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებულმა გ.ხ.-მ ფონიჭალაში მისსავე საცხოვრებელ ბინაში ნ. რ.-ს და მის სამი წლის შვილს დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, შემდეგ ოჯახის კუთვნილ ოქროს ნივთებს დაეუფლა, კვალის განადგურების მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.ხ. 2016 წლის 26 ივლისს დააკავეს. დაკავებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის გაადვილების და დაფარვის მიზნით, ორი პირის, მათ შორის ერთი მცირეწლოვნის მიმართ; დიდი ოდენობით ნივთის ქურდობის მცდელობა და ქონების დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0