ნაფიცმა მსაჯულებმა სამი პირის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ სცნეს

27/03/2017

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული აზადა ომაროვა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე ნაწილის „ბ“ „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 იანვარს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ დუზჯეში, საქართველოს მოქალაქეებმა – აზადა ომაროვამ, ელნურ ანტესოვმა და ვუგარ გულიევმა სამი ადამიანის, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქის მკვლელობა ჩაიდინეს. აღნიშნულმა პირებმა მძინარე მდგომარეობაში მყოფი ელნაზ შარიფოვა გაგუდეს, ხოლო ასევე მძინარე მდგომარეობაში მყოფ ამ უკანასკნელის დას ემა შარიფოვას და მის შვილიშვილს სახიბ გასანოვს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შემდეგაც ორივეს ყელი გამოჭრეს.
სამართალდამცველებმა აზადა ომაროვა, ელნურ ანტესოვი და ვუგარ გულიევი 2016 წლის 8 ივლისს ქ. მარნეულში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, მეორე ნაწილის „ბ“ „ე“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (უმწეო მდგომარეობაში მყოფი სამი პირის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აზადა ომაროვას სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე გაიმართა, ვინაიდან მან და მისმა ადვოკატმა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აზადა ომაროვას სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 17 წლის ვადით განუსაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ აზადა ომაროვას თანამზრახველებმა აღიარეს მათ მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და ვინაიდან უარი განაცხადეს მათი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა, ელნურ ანტესოვისა და ვუგარ გულიევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ამჟამად იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად იხილება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0