პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს, მის წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინას უმასპინძლეს. სტუმარმა კომიტეტის წევრებს ნატოს გენერალური მდივნის გზავნილები და საქართველო-ნატოს პარტნიორულ ურთიერთობებზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხედვები გააცნო. შეხვედრის დასაწყისში კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„ნატო-საქართველოს ურთიერთობები დღეს არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე, როგორც პრაქტიკული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, ჩვენი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. ნატო-ს ასპირანტი და გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი საქართველო, ფლობს ალიანსში გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და, როგორც ჩვენი ნატოელი მეგობრები ამბობენ – ბევრად მეტს აკეთებს ამ ინსტრუმენტებით ვიდრე სხვა პარტნიორები. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ემყარება ქართველი ხალხის ნებას და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპებისადმი ერთგულებას. ეფუძნება მსოფლიოში, თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცების არა მხოლოდ სურვილს, არამედ შესაძლებლობასაც და საქართველოს მიერ საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვან გამოცდილებას. ჩვენს ქვეყანას, პარტნიორობის ეტაპზე, ცალკეულ მოკავშირეებზე მეტი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში. ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და მორეაგირე ძალებში მონაწილეობით, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩართულობით, საქართველო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია. ნატო-ს გენერალურ მდივანს არაერთხელ განუცხადებია, რომ საქართველოსთან პარტნიორობით ყველა გრძნობს თავს უსაფრთხოდ და დაცულად. აუცილებელია საქართველო დაწინაურდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ამას განაპირობებს არა მხოლოდ საქართველოს პროგრესი, არამედ მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების გარემოც. იმ პირობებში, როდესაც საფრთხის წინაშე დგას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, როდესაც რუსეთის ფედერაცია, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბრუტალურ ომს აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის, შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების შემდგომი გაძლიერება და გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ალიანსის გაფართოება და მასში საქართველოს ინტეგრაცია. მომავლის ნატო-ს რომელიც დგას ახალი გამოწვევების წინაშე, რომელიც ახალი ხედვის თანახმად, უნდა იყოს უფრო ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით, უფრო კონსოლიდირებული პოლიტიკურად და ჰქონდეს მეტი გლობალური შესაძლებლობები, სჭირდება ისეთი პასუხისმგებლიანი და ძლიერი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. რუსული აგრესიის საპასუხოდ, ჩვენ მივესალმებით მოკავშირეების გადაწყვეტილებას, მზადყოფნის შემდგომი გაძლიერების და აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძალების განლაგების შესახებ“, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მომეტებული საფრთხეების შესაკავებლად, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერება. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის მიმართ მედეგობის გაძლიერებაში მხარდაჭერის გაზრდა.
„ამ კუთხით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ 2022 წლის 6-7 აპრილის მინისტერიალზე მიღებულ მოკავშირეების გადაწყვეტილებას საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდის თაობაზე. მაგრამ, უპირველესი, უალტერნატივო და ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რაც შემჭიდროვებულ ვადებშია გადასადგმელი, არის ნატო-ს გაფართოება და თავისუფალი დემოკრატიების ალიანსის უსაფრთხოების გარანტიებით დაზღვევა და გადაფარვა. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მხრიდან ღია კარის პოლიტიკისა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულებას. მივესალმებით იმის ხაზგასმას, რომ დაუშვებელია მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფა, რომ ყველა სახელმწიფო თავად წყვეტს აირჩიოს ალიანსები, რომ ვერცერთი მესამე ძალა ამას ვეტოს ვერ დაადებს და რომ ალიანსი აგრძელებს მისი მოქმედებების პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან, კოორდინაციას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის მოსმენა დახურულ ფორმატში გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ, ირაკლი ბერაიამ და ხავიერ კოლომინამ შეხვედრაზე განხილული საკითხები მედიის წარმომადგენლებთან შეაჯამეს.
„ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან შეხვედრაზე ჩვენი მთავარი გზავნილი იყო, რომ დადგა დრო საქართველო დაწინაურდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მყარი მოლოდინი გვაქვს, რომ მადრიდის სამიტის კომუნიკეში და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის ნაბიჯები და საქართველოს პროგრესი ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, სათანადოდ იქნება ასახული“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
„პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის თემები და ასევე ის პოლიტიკური საკითხებიც, რომელთა განხილვაც აუცილებელია თქვენს ხელისუფლებასთან. ნატო-საქართველოს ურთიერთობა ძალიან წარმატებულია. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყანას. ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობა და პრაქტიკული ასპექტები ერთობ წარმატებულია და ის ინსტრუმენტები, რასაც თქვენ ფლობთ, არის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ასევე ფლობს ნატო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი აღნიშნული ინსტრუმენტი უნიკალურია საქართველოსათვის. ჩვენ გასულ წლებში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამჟამად ვახორციელებთ ამ ინსტრუმენტების მიწოდებას საქართველოსათვის. ეს ის სპეციფიური საშუალებებია, რასაც ჩვენი რწმენით, იმსახურებს საქართველო იმ ნდობის ხარისხის საფუძველზე, რაც არსებობს საქართველოსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა ამასთან დაკავშირებული საკითხი და ასევე შევეხეთ პოლიტიკურ დიალოგს“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.