გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ირენ ფელინს შეხვდნენ. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე და ნატოსთან ურთიერთობაზე.
„ნატო საქართველოს ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ და პარტნიორად მიიჩნევს. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ, რამეთუ, შესაძლებლობა მაქვს ჩვენი ხელმძღვანელობის გზავნილები გავახმოვანო და ამასთან, ჩემი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვიმსჯელო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა მშვიდობა და უსაფრთხოება და ზოგადად, ადამიანთა უსაფრთხოების სფერო. რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის პირობებში, რაც თავისთავად დიდი საფრთხეა დემოკრატიისთვის, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რამდენად ვიზიარებთ გენდერული თანასწორობისა და დემოკრატიის განმტკიცების საკითხებს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია. იმის ნახვა, თუ რამდენად ახლო კომუნიკაციაშია საქართველოს ადმინისტრაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან შესაბამისი რეზოლუციის განხორციელებისა და მიღების საკითხში, ჩემთვის ნამდვილად დიდი პატივი გახლდათ,“ – აღნიშნა ირენ ფელინმა.
როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქალების ჩართულობის მნიშვნელობაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, საპარლამენტო ზედამხედველობის აუცილებლობაზე და ყველა იმ გამოწვევის იდენტიფიცირებაზე, რომელიც ამ მიმართულებებით არსებობს, ასევე დევნილი ქალების იმ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, რომელიც უკვე იდენტიფიცირებულია.
„რა თქმა უნდა, ამ თემებზე საუბარი მიმდინარეობდა იმ სულისკვეთებით, რომ საქართველო ნატოს ერთგული პარტნიორია და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება არის ის დიდი მიზანი, რომელსაც ორივე მხარე – ჩვენ და თავად დასავლეთიც ეთანხმება,“ – აღნიშნა ნინო წილოსანმა.