ნატოს პროექტი „საქართველო IV“ დასრულდა

07/11/2017

პროექტი „საქართველო IV“, რომელიც სოფელ სკრის ყოფილი სასაწყობე ბაზის ფეთქებადსაშიში ნარჩენებისგან გაწმენდას და ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენებას ითვალისწინებს, დღეს ოფიციალურად დასრულდა. თავდაცვის სამინისტრომ გაწმენდილი ტერიტორია სარეკრეაციო ზონის მოწყობისათვის გორის მუნიციპალიტეტს გადასცა. მუნიციპალიტეტისთვის ტერიტორიის გადაცემა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გაფორმდა, რომელსაც ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და ქ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსმა გიორგი პაპიტაშვილმა მოაწერეს.
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფონდის პროექტის „საქართველო IV” დახურვის ცერემონიალი საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადაში გაიმართა. პროექტის წარმატებით დასრულება საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა, აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმ და ნატოს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს წარმომადგენელმა დეივიდ თაუნდროუმ, ასევე ლიტველმა და ჩეხმა დიპლომატებმა მიულოცეს.
ცერემონიის ბოლოს, მოწვეული სტუმრებისთვის პროექტ „საქართველო IV”-ის ფარგლებში, ქართული მხარისთვის გადმოცემული საინჟინრო აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ნდობის ფონდის პროექტი „საქართველო IV“ მიზნად, სოფელ სკრის ყოფილ სასაწყობე ბაზის ფეთქებადსაშიში ნარჩენებისგან გაწმენდას, ასევე საინჟინრო ბრიგადის EOD ასეულისთვის წვრთნების ჩატარებას და აღჭურვილობის მიწოდებას ისახავდა მიზნად. პროექტი ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკის დაფინანსებით სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გაწმენდით სამუშაოებს ასეულის 19 სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა. ტერიტორიის დაცვას კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა უზრუნველყოფდა.
„საქართველო IV“-ის ბიუჯეტმა 1,3 მილიონი ევრო შეადგინა და მასში წამყვანი ქვეყნების გარდა წვლილი, აშშ-მა, აზერბაიჯანმა, ბულგარეთმა, გერმანიამ, დანიამ, ესტონეთმა, ესპანეთმა, ირლანდიამ, იაპონიამ, ლუქსემბურგმა, შვედეთმა და თურქეთმა შეიტანეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0