ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით შეხვედრამ უაღრესად პოზიტიურად ჩაიარა და საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები როგორც უშუალოდ მინისტერიალის ჩართულობის, ასევე საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით.
“ძალიან კარგი შეხვედრა იყო, გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეხვედრამდე გვქონდა მისი უაღრესად პოზიტიური შეფასებები და მოლოდინები საქართველოსთან დაკავშირებით, კერძოდ მინისტერიალის კონტექსტში,და იმ თემებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციულ პროცესებთან. ძალიან პოზიტიური შეფასება გვაქვს ყველა იმ რეფორმებთან დაკავშირებით,რომელიც ხორციელდება თავდაცვის, უსაფრთხოების, დემოკრატიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით. კიდევ ერთხელ აღინიშნა რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსში წევრობისთვის. შესაბამისად საუბარი შეეხება ნატო-ში ინტეგრაციასთან ჩვენს მოლოდინებს, ბუნებრივია, აუცილებელია, რომ ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებები ითარგმნოს პრაქტიკულ განზომილებაში და ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ ინტეგრაციის პროცესში” -განაცხადა დავით ზალკალიანმა შეხვედრის კომენტირებისას.
მისი თქმით, გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, ისევე როგორც ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში საუბარი შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, რუსეთის ფედერაციის აგრესიას რეგიონში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება სადაც 4-5 დეკემბერს მიმდინარეობს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი.
აღსანიშნავია რომ მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან.