„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანის და ალექსანდრე ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ავტოტრანსპორტის ნასვამ მდგომარეობაში განმეორებით მართვის შემთხვევაში, პირს ჯარიმის გარდა, ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მოხდა მოუწევს. მომხსენებელს, ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის გამკაცრებით, ნასვამ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების განმეორების შემთხვევაში მართვა გახდეს დასჯადი ადმინისტრაციული პატიმრობითაც 5-დან 15 დღემდე. მისი თქმით, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მაღალი ჯარიმაც კი ვერ უზრუნველყოფს უბედური შემთხვევების პრევენციას. ვიცე-სპიკერმა ბოლო წლებში საქართველოს გზებზე მომხდარი შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით ევროპის ქვეყნებში ამ მხრივ ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. დეპუტატმა ავტოსაგზაო შემთხვევების 70%-იანი კლება გამართული ინფრასტრუქტურის, ცნობიერების ამაღლების და ასევე ადმინისტრაციული რეგულაციების გამკაცრებით ახსნა. პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს.
ნასვამ მდგომარეობაში განმეორებით მანქანის მართვის შემთხვევაში პირს ჯარიმის გარდა ადმინისტრაციული წესით პატიმრობის მოხდა მოუწევს
08/06/2021