ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოვლინდა

18/01/2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წელს, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 566 ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაბინძურების კუთხით, 2018 წელს გამოვლინდა: მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – 153 ფაქტი; სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – 154 ფაქტი; შლამისებრი ნივთიერებებით – ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება – 36 ფაქტი; ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება – 17 ფაქტი; მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – 107 ფაქტი; სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა -37 ფაქტი.
გარემოს დაბინძურების ფაქტების აღსაკვეთად, დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით, 24 საათიან პატრულირებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი, შემდეგი ტიპის სანქციებს ითვალისწინებს:

1. 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 80 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა ნაგებობიდან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან, – გამოიწვევს მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – შესაბამისი დამრღვევის დაჯარიმებას 120 ლარის ოდენობით.
4. 5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
5. 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
6. 2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრო ნათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
7. 2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება (გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
8. 1 მ3 ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
9. დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო- ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანება – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, 24 საათიან პატრულირებას ახორციელებენ, რათა მაქსიმალურად აღკვეთონ მოსახლეობის მხრიდან გარემოს დაბინძურების ფაქტები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0