ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულ მეშახტეებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე და “საქნახშირის” მფლობელი კომპანია Steel International Trade Company-ის მენეჯერი ალექსანდრე ჩოჩია. ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო ტყიბულის შახტაში ახალი ინვესტორის მისვლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას, მეშახტეების სამუშაო პირობებს და პირადად მოისმინა მეშახტეებისგან მათი სამუშაო პირობების შესახებ. მეშახტეებთან შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეშახტეების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია და უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივი ნახშირის მოპოვება უსაფრთხოდ, შრომის პირობების სრული დაცვით მიმდინარეობდეს. მისივე თქმით, ქართული ნახშირი არის ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარი და სამომავლოდ ენერგეტიკაში ქართული ნახშირის მეტად გამოყენება იგეგმება. მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში მწყობრში ჩადგება თბოსადგურიც.
“ერთ-ერთი ყველაზე რთული და შრომატევადი პროფესიაა მეშახტეობა. სახელმწიფო კომპანიასთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს მეშახტეებს ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო გარემო, შესაბამისი ანაზღაურება და შესაბამისი პირობები. რეალურად ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ შედარებით გაუმჯობესდა არსებული მდგომარეობა, მოქმედებს საბონუსე სისტემა და ზოგადად გადაიხედა ანაზღაურების საკითხი. ჩვენ გავაგრძელებთ კომპანიასთან ერთად მუშაობას, რადგან კიდევ უფრო უკეთესი პირობები შევუქმნათ თითოეულ მეშახტესა და თანამშრომელს“- აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.
ტყიბულის შახტში ახალი ინვესტორი კომპანიის მისვლის შემდეგ უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ გარემონტდა და მოეწყო მიწისზედა კომპლექსი, განახლდა აბანო-გარდერობები და დამხმარე სათავსოები, სასადილო, მიმდინარეობს თანამშრომლების პირადი აღჭურვილობისა და საჭირო ეკიპირების სრული განახლება, გამართულად მუშაობს ავტომატური საგაზო დაცვა, შახტები აღიჭურვა საიმედო გაზის საზომი აპარატებით, აღდგა მწყობრიდან გამოსული მექანიზმები, განხორციელდა მიწისქვეშა გვირაბების სარეაბილიტაციო და გადამაგრებითი სამუშაოები; მოხდა ახალი მიწისქვეშა გვირაბების გაყვანა, გარემონტდა და დამზადდა ახალი სახალხო ვაგონები და სხვა.