მხოლოდ სამთავრობო უწყებების ეფექტურ ურთიერთქმედებას და კომუნიკაციას საზოგადოებასთან შეუძლია დაგვიცვას რისკებისა და პანიკისგან

16/03/2020

„არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ვითარება, არამედ ეკონომიკური სტაბილიზაციაც დღეს დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის საჯარო სამსახურზე რომელსაც უნდა მიეცეს ფართო, განსაკუთრებული უფლებები. მხოლოდ სამთავრობო უწყებების ეფექტურ ურთიერთქმედებას და კომუნიკაციას საზოგადოებასთან შეუძლია დაგვიცვას რისკებისა და პანიკისგან“, – ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გია ჟორჟოლიანის განცხადებით, საჭიროა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე, განათლებაზე და არ დატოვოს ეს სფეროები თავისუფალ ბაზარზე დამოკიდებული.

„არსებულმა მდგომარეობამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ეპიდემიოლოგიურის გარდა, აუცილებელია სამთავრობო ღონისძიებები მოიცავდეს ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას ყველასთვის. განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებში და დაბალშემოსავლიანი ადამიანებისათვის. ეს არის საჭირო სურსათით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ამისთვის ალბათ საჭირო იქნება შესაბამისი ორგანიზება შესაბამისი სამსახურების, კრიზისული შტაბის შექმნა, შესაძლოა ტალონების მეშვეობით ამ აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტების სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ა.შ. არსებულმა მდგომარეობამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საჭიროა სახელმწიფოს როლის დაბრუნება. საჭიროა არა ინდივიდუალიზმზე, არამედ სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოების შენება. საჭიროა ნდობის აღდგენა მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის, რაც შეუძლებელია სრულფასოვნად მოხდეს ნეოლიბერალურ, ე.წ. მცირე სახელმწიფოში, ისეთ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენია. საჭიროა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა აიღოს ეკონომიკაზე ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვაზე და განათლებაზე და არ დატოვოს ეს სფეროები ე.წ. თავისუფალ ბაზარს მინდობილი. ამას ელოდება მოქალაქეთა 95% . ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არამხოლოდ კორონავირუსს, არამედ სუსტ და უპასუხისმგებლო ნეოლიბერალური სახელმწიფოს ვირუსსაც“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მან მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობას და სრულიად სამედიცინო კორპუსს, რომელიც ეფექტურად ახდენს ვირუსთან ბრძოლის კოორდინირებას და მოქალაქეების ინფორმირებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0