პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC) აგრძელებენ საჯარო-კერძო დიალოგის აქტივობათა სერიას კერძო კომპანიებში თემაზე: „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება“.
ეს პროგრამა წარმოადგენს „მონაწილეობითი საჯარო-კერძო დიალოგის განვითარება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის შემადგენელ ნაწილს, რომელიც BEC-ის მიერ ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სულხან მახათაძემ, პარლამენტის წევრმა პაატა გოგოხიამ, პარლამენტის წევრმა – ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი თოთლაძემ, საჯარო მოხელეებმა, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ექსპერტებმა მოინახულეს განახლებადი ენერგიების სექტორში მომუშავე სტარტაპის – „ჰელიოს ენერჯი ჯორჯია”-ს მიერ თბილისში განთავსებული, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური (120 კვტ/პიკი) და ქარელში განთავსებული მზის ელექტროსადგური (64 კვტ/პიკი), რომელიც ერთიან ქსელზეა დაერთებული და ქარელის რაიონულ საავადმყოფოს („ევექსი კლინიკების“ ქსელი) ამარაგებს. დაათვალიერეს ასევე ქარელის რაიონული საავადმყოფო, რომელიც წარმატებით იყენებს ენერგიის ამ ალტერნატიულ წყაროს. თუკი თბილისის მზის ელექტროსადგური საგრანტო დაფინანსებით გაკეთდა, ქარელის რაიონული საავადმყოფოს მზის ელექტროსადგური სპეციალისტების შეფასებით, პირველ საინტერესო კომერციულ პროექტს წარმოადგენს. კანონმდებლებმა და დარგის ექსპერტებმა „ჰელიოს ენერჯი ჯორჯია” – ს დამფუძნებელს თორნიკე დარჯანიას, ასევე „ევექსი კლინიკების“ ფინანსების და შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორ შოთა დიდბარიძესა და ქარელის რაიონული საავადმყოფოს („ევექსი კლინიკები“-ს ქსელი) დირექტორ კახი მუხიგულაშვილთან შეხვედრაზე საქართველოში მზის ელექტროსადგურების დანერგვის პერსპექტივებზე, გამოწვევებსა და შედეგებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მზის ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენებისთვის საჭირო ღონისძიებებსა და მექანიზმებს.
როგორც „ევექსი კლინიკების“ წარმომადგენელმა აღნიშნა, კომპანიამ მზის პანელების გამოყენება 2019 წლის მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც ამ მიმართულებით განახორციელეს ინვესტიცია კონკრეტულად ქარელის საავადმყოფოს რეკონსტრუქციასთან ერთად და მნიშვნელოვანი შედეგიც მიიღეს – იზოგება ხარჯის ნახევარზე მეტი.
„ჰელიოს ენერჯი ჯორჯია“-ს დამფუძნებლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ენერგიის ეს ალტერნატიული წყარო ნაკლები დანახარჯებით ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას იძლევა და მისი გამოყენებით სახელმწიფოც უნდა დაინტერესდეს, ვინაიდან ძალიან ბევრი სახელმწიფო შენობაა – ბაღები, სკოლები, საჯარო დაწესებულებები, რომლებიც შეიძლება რომ გადავიდეს განახლებად ენერგიაზე და შეამციროს ხარჯები.
ნინო წილოსანის განცხადებით, კომიტეტს „მწვანე ეკონომიკის“ მიმართულებით უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და ფიქრობენ კიდეც ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებისა და წახალისების მექანიზმებზე.
„ქვეყანაში ჯერჯერობით ისე აქტიურად არ არის დანერგილი და რეალურად ათვისებული მზის ენერგია და ვფიქრობ, რომ განახლებადი, ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენების დანერგვის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ექსპერტული გათვლებით, მზის ენერგიის გამოყენება იმდენად ეკონომიური შეიძლება აღმოჩნდეს მომხმარებლისთვის, იქნება ეს ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომ ვფიქრობ მალე ალტერნატივა აღარ ექნება ამ ენერგიის წყაროს გამოყენებას იქ, სადაც ფიზიკურად და ბუნებრივი რესურსებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება პანელების დამონტაჟება. თავისთავად, ნებისმიერი ახალი მიმართულების განვითარებისას, მნიშვნელოვანია ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობაც. ის, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს „მწვანე ფინანსები“ ჩვენს საბანკო და საფინანსო სექტორში, ეს არის პრობლემა. ვგეგმავთ ეროვნული ბანკის მოსმენას, ისინი მუშაობენ ამ მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ამ თემის დამუშავების ფარგლებში, შეიძლება გამოკვეთოს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებიც, რამაც შეიძლება წაახალისოს „მწვანე ეკონომიკის“ კონკრეტულად ეს მიმართულება – ალტერნატიული ენერგიის წყაროს განვითარება,“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.
აქტივობათა მეორე კომპონენტი მოიცავდა ვიზიტებს ეკოლოგიურად სუფთა საწვავის – ბრიკეტის მწარმოებელი კომპანიის „კერა“-ს საწარმოში, სოფელ ფარცხანაყანებში და მარლენ ბარამიას სახელობის ქ. სამტრედიის #6 საჯარო სკოლაში, რომელიც ბრიკეტის ერთ-ერთი სტაბილური მომხმარებელია. საწარმოში ვიზიტისას, კანონმდებლები უშუალოდ ადგილზე გაეცნენ ბრიკეტის წარმოების პროცესს, სკოლაში ვიზიტისას კი – მისი გამოყენების პრაქტიკას. შეხვდნენ „კერა“-ს გენერალურ დირექტორ ირაკლი შანიძეს, მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის #6 საჯარო სკოლის დირექტორ ლეილა კუბლაშვილს.
„კერა“, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებული სამი საწარმოთი (ზუგდიდში, ფარცხანაყანებში, თელავში, უკვე მესამე წელია ოპერირებს ბაზარზე, როგორც გათბობის ალტერნატიული ბიოსაწვავის მწარმოებელი კომპანია და ახორციელებს პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. ფარცხანაყანებში არსებული საწარმო დაფინანსებულია სრულად პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში. კომპანიამ არსებული საბაზრო რესურსი – სკოლები და საბავშვო ბაღები, ფაქტობრივად, სრულად აითვისა, რადგანაც შეშის მოხმარებაზე ყველაზე მეტი მოთხოვნა მათთან არის. მნიშვნელოვანია, რომ 1 ტონა ბრიკეტი ეფექტურობით და კალორიულობით ცვლის 5 კუბ. მეტრ შეშას და აქედან გამომდინარე მოხდა შეჯერება საშუალო ფასზეც, რომ სკოლებს გათბობა არ გაძვირებოდათ. სპეციალისტების აზრით, იქ სადაც არ მოხდება გაზიფიცირება და ელექტროენერგიაზე გადაყვანა, მომავალი უნდა იყოს ბრიკეტებისა, რომლებიც ხე-ტყის ალტერნატივას წარმოადგენს, არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი და გამოირჩევა ენერგოეფექტურობით – შეშაზე 2-3-ჯერ ეფექტურია. შეხვედრაზე დეპუტატებმა, კომპანიის წარმომადგენლების, კომპანიის პროდუქტის მომხმარებლებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით, განიხილეს საქართველოში ტყის რესურსების მდგრადი მართვის შესაძლებლობები, ბრიკეტის წარმოებისა და მოხმარების სპეციფიკა, იმსჯელეს ასევე ბიოსაწვავის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობისთვის საჭირო წამახალისებელ მექანიზმებსა და შემზღუდველ რეგულაციებზე.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებას ქვეყანაში ალტერნატივა არ გააჩნია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „მწვანე ეკონომიკის“ ეს მიმართულებები განვითარდეს როგორც წარმოების, ასევე მოხმარების კუთხით. მისივე თქმით, მსგავს დიალოგებს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ამ შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხები საბოლოოდ შეიძლება იმ საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველიც გახდეს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებას – გარემოს დაცვის ხარჯზე ეკონომიკის განვითარებას, საითკენაც ზოგადად დღევანდელ მსოფლიოს აქვს აქცენტი აღებული. საჯარო-კერძო დიალოგის აღნიშნული ფორმატი, რომელიც ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ძალისხმევით საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება, ბრიტანულ მოდელს ეფუძნება და დეპუტატების კერძო კომპანიებში უშუალო ვიზიტების გზით, მიზნად ისახავს კანონმდებლებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას, რამაც საბოლოო ჯამში ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. პირველი აქტივობა ამ ფორმატის გამოყენებით – დეპუტატების სასწავლო პროგრამა „კომპანიების პერსპექტივიდან” – განხორციელდა, თემაზე – „ტყის რესურსების მართვა და მწვანე დაფინანსება“, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციაში „კრისტალი“, საქართველოს ტყის კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესის გათვალისწინებით.